ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ „ელ კლასიკო” რომელიც დღეს „კამპ ნოუზე” გაიმართება.
„ბარსელონასა” და „რეალის” დღევანდელი შეხვედრა ადრინდელებზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს. მიზეზი: პოლიტიკა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხები. თუმცა, ჟურნალისტებს არანაკლებ აინტერესებდათ ვალვერდეს აზრი საკუთრივ თამაშის შესახებ.
სხვადასხვა კითხვას შორის იყო ერთი, რომელმაც შეკრებილთა ღიმილი გამოიწვია. „ბარსას” ბასკ თავკაცს ჰკითხეს, რას მოხდება თუკი ის სასტუმროში, სადაც თამაშის დღეს ორივე გუნდი იტრიალებს, შემთხვევით ზიდანს შეხვდება.
ვალვერდემ უპასუხა: „ნამდვილად ვერ გეტყვით რას ვიზამთ თუკი სასტუმროში შემთხვევით შევხვდებით. ყავაზე დავპატიჟებთ ერთმანეთს თუ ყავის გარეშე დავილაპარაკებთ. მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ასეთ შეხვედრას ვერ ავცდებით”.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დარბაზში აინტერესებდათ დასვენების დღეების რაოდენობა იყო. „რეალმა” ბოლოს, „ვალენსიასთან”, კვირას ითამაშა, ხოლო „ბარსელონამ” „რეალ სოსიედადთან” — შაბათს, ერთი დღით ადრე.
„მახსოვს, ორიოდ თვის წინ მათ უწევდათ მეტი დასვენება, მაგრამ ახლა, როდესაც მატჩის თარიღი შეიცვალა, ერთი დღით მეტი ჩვენ დავისვენეთ. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი დონის გუნდებისთვის ერთ დღეს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. გასულ სეზონში, მაგალითად, „კლასიკო” „სანტიაგო ბერნაბეუზე” ოთხშაბათსაც ვითამაშეთ და შაბათსაც”, — თქვა ვალვერდემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
