ნეტავ ვინ არის ის მისტერ იქსი? თუმცა რაღა იქსი, გერმანულმა, იტალიურმა და სხვა პოპულარულმა გამოცემებმა მისი გვარი პირდაპირ დაასახელეს და თითქოს ნიღაბიც ჩამოხსნეს…
ნამდვილად არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ავტორიტეტული La Gazzeta delo sport-ი, Europsort-ი და ZDF რასაც ირწმუნებიან სიმართლეა. თუ ასეა, მაშინ ეს არა მხოლოდ ქართული ჩოგბურთის, ზოგადად ჩვენი სპორტის დიდი სირცხვილი და შავი ლაქა იქნება. იმ მოგებული ტიტულებით გამოწვეული აღტკინება და საუკეთესო ტოპ ოცეულში ყოფნის სიამაყის განცდა, რაც ქართველ გულშემატკივარშია უცილობლად გაფერმკრთალდება, რადგან ქომაგებისთვის არაფერია იმაზე შეურაცმყოფელი, ვიდრე სპორტში დადგმული სპექტაკლის ყურება.
გარიგებული მატჩები რომ არა მხოლოდ ფეხბურთის, ყველა სახეობის შავი ჭირია, არახალია. სათამაშო სახეობებიდან, ამ ბინძურ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ყველაზე მარტივად საქმის გაჩარხვა ჩოგბურთელებთან გამოსდით, რადგან მხოლოდ ერთ ადამიანთან იჭერ საქმეს. გარიგებებში ჩოგბურთელები უმხელიათ, თუმცა ისინი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მეტწილად ცნობადი სახეები არ ყოფილან და რეიტინგში ათასეულს მიღმა იმყოფებოდნენ. აი, ამჯერად კი საქმე გაცილებით რთული და მასშტაბურია, რომელშიც ჯამში 135 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
ბელგიის პოლიციამ, ერთ-ერთი გერმანელი ჩოგბურთელის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს ჩაწყობილ მატჩებზე გამოძიება დაიწყო, რაშიც აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროც ჩაერთო.
ირკვევა, რომ საკმაოდ კარგად გათვლილი კრიმინალური სქემაა, რომელსაც სომხური მაფია ხელმძღვანელობს. მატჩები ერთდროულად 7 ქვეყანაში მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიშა, აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში მიმდინარე სხვადასხვა საჩოგბურთო ტურნირებზე ეწყობოდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2019 წლის სეზონში ჯამში 72 მატჩი ფარსი იყო და ამა თუ იმ ჩოგბურთელმა წინასწარ იცოდა როდის ბურთი ბადეში გაეშვა თუ აუტში დაერტყა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ გარიგებულ მატჩებში ვაჟთა შორის ტოპ 30-ში მყოფი ჩოგბურთელიც სისტემატიურად მონაწილეობდა, რომელსაც კარიერაში ATP-ის 3 ტიტული აქვს მოგებულიო.
ყველაზე ხშირად კი ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელი ფიგურირებს.
იმედია, ყველაფერს ფარდა აეხდება და ვისურვებდით, რომ ჩვენებური მეჩოგნე ამ საქმეში სუფთა იყოს. სხვა შემთხვევაში ეს ის ნიკა აღარ იქნება, რომელიც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარს.
თავად ნიკოლოზი ამბავს ამ ფეისბუკ-პოსტით გამოეხმაურა.