გუშინდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენი ბიჭების აქტივში 3 ლელო, 3 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმაა. თავიდანვე ვიტყვით, რომ ამ ქართული ნადავლის ლომის წილი ბრიველ ახალგაზრდებზე მოდის. თუმცა, იყო ნეგატიური მომენტებიც – ქართველთა გაძევებები და მათი გუნდების მარცხები.

საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში თავი უბერებელმა შალვა სუთიაშვილმა ისახელა. 35 წლის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა თავის „ანგულემს“ ჩვეულად ულიდერა და „ექს-ან-პროვანსთან“ უმძიმეს მატჩში გამრჯვება მოუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ანგარიში 12:12 იყო, შალვამ ძალისმიერი ლელო გაიტანა და თავისი გუნდი მეტოქისთვის მიუწვდომელი გახადა. სუთიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლუკა გოგინავა მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევიდა, მაგრამ ბოლო წუთზე სინბინში ამოყო თავი, სტუმართა შორის პირველი ტაიმი ზაზა ნავროზაშვილმა ჩაატარა. 19:15, თუმცა „ანგულემი“ მაინც მე-7 ადგილზე დარჩა, რადგან მის წინ მდგომმა „ბიარიცმა“ ასევე მოიგო.

ამ გუნდმა ლიგის ერთ-ერთი ლიდერი „გრენობლი“ შინ 33:7 გაანადგურა. მასპინძელთა შორის ბურჯისთვის უჩვეულოდ შეუცვლელად ახალგაზრდა გიორგი ნუცუბიძემ ითამაშა, ხოლო შერკინებაში მის პირისპირ მდგომმა დავით ქუბრიაშვილმა პირველი ტაიმი სრულად ითამაშა, რომლის ბოლო წამებზეც გაასინბინეს და მწვრთნელმა თამაშში აღარ დააბრუნა. ზოგადადაც, დუდუ ბოლო ხანებში სინბინის ხშირი სტუმარია ხოლმე. სახელოვანმა ბორჯღალოსანმა ბიარიცში სეზონში მე-5 (!) ყვითელი ბარათი მიიღო.

აუტსაიდერთა შორის მყოფმა „ორიაკმაც“ ივაჟკაცა, დაამარცხა რა პრო დ2-ის ლიდერი „ოიონა“ – 15:12. ყველაზე მრავალქართველიანმა უცხოურმა კლუბმა ამ გამარჯვებით ნამდვილი სენსაცია მოახდინა და ამ საქმეში ჩვენებურთა ხელიც გარკვეული დოზით ურევია. კერძოდ, 20 წლის კვაჭ ლუკა ნიორაძეს პროფესიულ დონეზე დებიუტი ჰქონდა, მას გარდა კი „ორიაკში“ ითამაშეს გიორგი ჯავახიამ და გიორგი ქართველიშვილმაც. სამივე მე-60 წუთზე შეცვლაზე შევიდა. „ოიონას“ ერთადერთმა ქართველმა ირაკლი მირცხულავამ მატჩი ტრავმის გამო გააცდინა. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ოიონამ“ ვეტერან ბურჯს მოქმედი კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა და მირცხულავა ამ კლუბში 2022 წლამდე დარჩება.

თორნიკე მატარაძისა და ილია კაიკაციშვილის „ნევერმა“  „მონ-დე-მარსანთან“ სტუმრად მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა – 11:6. ჩვენმა ბურჯებმა ბოლო 28 წუთი ითამაშეს.

თამაზ მჭედლიძის „რუანმაც“ იმარჯვა – შინ „ვანი“ 29:15 დაამარცხა, თავად თაზომ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა მე-18 წუთზე გაასინბინეს.

გამარჯვების მიუხედავად, „რუანი“ გასავარდნ, მე-15 ადგილზეა და მხოლოდ მირიან ბურდულის „ვალანს-რომანს“ უსწრებს, რომელიც შინ „პერპინიანთან“ 28:29 წააგო, ხოლო ქართველმა ბურჯმა საწყისი 54 წუთი ითამაშა.

ჩელენჯ კაპზე აგერ უკვე მეოთხე მატჩია, რუსული „ენისეი“ ქულის მოპოვებას ამაოდ ცდილობს. სამართლიანობა რომ დავიცვათ, უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგულ „კასტრთან“ ბოლო მატჩში კრასნოიარსკელები ხელშესახებ შედეგთან ყველაზე ახლოს იყვნენ, თუმცა მაინც დამარცხდნენ – 10:22. ციმბირელთა სასტარტოში 5 ქართველი იყო – ნიკა ხატიაშვილმა, მიშო გაჩეჩილაძემ და დავით მესხმა შეუცვლელად ითამაშეს, დათო კაჭარავამ მოედანი 70-ე წუთზე დატოვა, ხოლო ნიკა სუხაშვილმა 63-ეზე.

ასე რომ, „ენისეი“ იმ კლუბად რჩება, რომელმაც საწყის 4 ტურში სატურნირო ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

დაბოლოს, ყველაზე გემრიელი ლუკმა. „ბრივმა“ იტალიურ ძებრეს უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების ღერძის ძალისხმევით 24:10 დაამარცხა. ვასილ ლობჟანიძემ  მე-16 და 42-ე წუთებზე წყვილი ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ ორივე გარდასახა, ისევე როგორც კვაჭ თომა აკიერის გატანილი ლელოც, და ზედაც ერთი ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა ქართველმა მგეზავმა ჯამში 9 ქულა დააგროვა, სულ კი მიმდინარე ტურნირზე მისი მონაგარი უკვე 28 ქულას შეადგენს. სასტარტო შემადგენლობაში იყო ასევე ახალგაზრდა ბურჯი ლუკა ჯაფარიძეც, ხოლო მეორე ტაიმში თამაშში ოთარ გიორგაძეც ჩაერთო.ლობჟანიძეს დავუბრუნდეთ და ისიც ვთქვათ, რომ ვასკას ანგარიშზე მიმდინარე ჩელენჯ კაპზე უკვე 3 ლელოა.

წილი
წინა სტატიაჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონია!
შემდეგი სტატიადერბის კაცი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.