ფრანგული სააგენტო AFP იურიდიულ საკითხებზე წერითაა ცნობილი. სწორედ მან გაავრცელა ცნობა, რომ 27 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავისი ყოფილი კლუბის „ბარსელონას” წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყო. სააგენტოს ცნობით, „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კლუბს 2017 წლის ივლისის შემდგომ ხელფასს, 3,2 მილიონ ევროს სთხოვს.
ამავე თემაზე დაწერა ესპანურმა გაზეთმა „ელ მუნდომაც”.
ნეიმარი და მისი მამა ნეიმარი უფროსი უკვე კარგა ხანია „ბარსელონას” ვექილებს სასამართლოებში დაარბენინებენ. მამა ნეიმარი ამტკიცებს, რომ მისი ვაჟის პსჟ-თვის 222 მილიონ ევროდ მიყიდვის შემდეგ კატალონიურ კლუბს ვალი დარჩა. ლაპარაკია თითქოსდა გადაუხდელ პრემიებზე, რაც დაახლოებით 26 მილიონ ევროს შეადგენს და კიდევ ამ თანხის 10 პროცენტზე — ჯამში სადღაც 30 მილიონამდე ადის.
თავის მხრივ, „ბარსა” ნეიმარს ადრე გადახდილი პრემიების ნაწილის დაბრუნებას სთხოვს. არც ეს თანხაა მცირე — 75 მილიონია. ესპანეთის ჩემპიონი ბრაზლიელს ედავება, რომ მან შეთანხმება დაარღვია და მის ზურგსუკან დაიწყო მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან.
ასეთი დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, როგორც უცხოური გამოცემები ამტკიცებენ გასულ ზაფხულს ნეიმარმა ყველა ღონე იხმარა, რათა „კამპ ნოუზე” დაბრუნებულიყო. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთელი კვლავ „ბარსაში” თამაშზე ოცნებას განაგრძობს.
საინტერესოა, რამდენად შეუწყობს ახალი სასამართლო დავა ვარსკვლავის ოცნების ახდენას ხელს. საინტერესოა, რომ მამა ნეიმარის თქმით, საჩივრების მიუხედავად მათ „ბარსელონასთან” კარგი ურთიერთობა აქვთ და ადრე თუ გვიან, უმცროსი ნეიმარი „კამპ ნოუზე” დაბრუნდება.