იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა. გერმანელ მწვრთნელს სწამს, რომ მისი ახალი ხელშეკრულება კლუბს საზაფხულო ტრანსფერებში დაეხმარება, თუმცა პირველი ახალწვეული „ენფილს როუდზე” იანვარშივე გამოჩნდება. ის გახლავთ „ზალცბურგის” 24 წლის გარემარბი, იაპონელი ტაკუმი მინაიმინო.
კლოპმა ბოლო ორ წელიწადში „ლივერპული” პირველობის ზღვართან მყოფი გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად აქცია, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ტიტულის მოგების კარგი შანსი აქვს — „წითლები” ინგლისის ჩემპიონები 1989-90 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილან. ახლა, „ლივერპული” მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის” უკვე 14 ქულით უსწრებს. და თუ მერსისაიდელები მართლაც პირველ ადგილზე გავლენ, ზაფხულში მათგან სატრანსფერო ბაზარზე კარგ ვაჭრობას უნდა ველოდოთ.
„ერთი ხანია, კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივებას მთავაზობს, — თქვა კლოპმა, — რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ამას მართლაც ჰქონდა აზრი, რადგან მომავალში მოვლენები შესაძლოა უკვე ნაჩქარევად წარმართულიყო. ახლა წყნარად ვართ და ასეც უნდა იყოს. ზაფხულში, როდესაც ახალი ფეხბურთელების ყიდვას დავაპირებთ, ისინი შეგვეკითხებიან, რამდენ ხანს დარჩება თანამდებობაზე მწვრთნელი, რომელსაც მათი შეძენა უნდა. ახლა, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია, რითაც ბედნიერი ვარ”.
კლოპმა განაგრძო: „შეთანხმებას საშინელ ამინდში მივაღწიეთ, მაგრამ ინგლისურ კლიმატს უკვე მივეჩვიე. ასე რომ ყველაფერი კარგადაა. ძალიან მიხარია, რომ კიდევ რამდენიმე წელს ვიქნები ამ ჯადოსნური თავგადასავლის მონაწილე. რასაკვირველია, როგორც წარსულში თუ დღეს, მომავალშიც იქნება პრობლემები და სწორედ ამიტომ არის საჭირო სათავეში ისეთი კაცი, რომელმაც იცის, როგორ დააძლევინოს ისინი კლუბს. მე თავს ყველაფერზე პასუხისმგებლად ვგრძნობ”.