ნიჭი ისეთი რამეა, ადამიანი რა სფეროშიც არ უნდა წავიდეს, ის მუდამ შეაწუხებს და საშუალებას არ მისცემს თავი არ გამოავლინოს. ტალანტით დაჯილდოვებული კაცი კიდევ სხვაა, მარტივად, ლამაზად, ლაზათიანად გამოსდის ყველაფერი. შრომასაც შეუძლია დიდი წარმატება მოგიტანოს, ღმერთების გვერდზეც დაგაყენოს, თუმცა ოლიმპოზე უფრო სტუმრად მიგიღებენ, ვიდრე იქ დაბადებულსა და მკვიდრს. აი, შევხედოთ კალათბურთს. დავის საგანიც არ არის, რომ ლებრონ ჯეიმსი კობი ბრაინტზე დიდი კალათბურთელია, თუმცა, ერთი შეხედვით, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სამყაროში Mamba Mentality ადამიანებზე უფრო მეტ გავლენას ახდენს. ასეა, ადამიანებს შეჯიბრების სულზე მეტად ის აინტერესებთ, რაც მეტ სიამოვნებას ანიჭებთ – ესთეტიკა.
არსებობს ხალხი, რომლის ცხოვრებაზეც უნდა მოჰყვე. ბოლო წლებში სუმო საქართველოში პოპულარული გახდა. ეს, რა თქმა უნდა, ქართველი გოლიათის ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის დამსახურებაა. თუმცა, ეს წერილი არა მას, არამედ მის თანამედროვე ლეგენდას, ჰაკუჰოს ეძღვნება.
იაპონიაში ასეა, ამბავი სახელით იწყება.
ასაშორიუს შემდეგ, ჰაკუჰოს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას იოკოძუნა ჰარუმაფუჯი უწევდა. ბევრმა არ იცის, ჰარუმას პირველი შიკონა (მეტსახელი) ოძეკობამდე ამა იყო. როდესაც დოჰიოზე ფეხი დადგა, თავიდანვე მასში ამხელა პოტენციალი ვერ დაინახეს, ამა ეგონათ და ჰარუმაფუჯი (მზისკენ მიმავალი მხედარი) აღმოჩნდა.
ეს შეცდომა მხოლოდ მაშინ გამოასწორეს, როდესაც ის ჩემპიონი გახდა. არ სჯეროდათ. ურწმუნო თომა იაპონელებსაც ჰყავთ.
თავისთავად ესეც ძალიან მაგარი და თვითმყოფადი ისტორიაა, თუმცა რატომ გავიხსენე. დასაწყისში, როდესაც ჰაკუჰო პატარა იყო, სავარჯიშოდ არც ერთი ჰეია (სუმოტორთა კლუბი) არ იღებდა. მასშტაბებს არ ვადარებ, თუმცა როგორც დავით ყიფიანს, მასაც იგივე რჩევა მისცეს – სპორტს ჩამოშორებოდა. შემდეგ გაგვიმართლა, რომ ნეპოტიზმი იაპონიაშიც არსებობს…
ცოტა დრო რომ გავიდა, ჰაკუჰომ თავი გამოავლინა და ოიაკატამ (სუმოტორთა გუნდის/სახლის უფროსი) მასში თეთრი ფენიქსი (ჰაკუჰო სწორედ ასე ითარგმნება) დაინახა.
ვერ წარმომიდგენია სხვა შიკონა, რომელიც ამხელა ფიგურას უფრო მეტად შეესაბამება. როდესაც ის ამომავალი ვარსკვლავი იყო, ინტერვიუ ჩამოართვეს და ჰკითხეს, ამ სპორტისგან რა მოლოდინი ჰქონდა. მან სურვილად მის თანამემამულე ასაშორიუსთან (ლურჯი დრაკონი) გატოლება ჩაიფიქრა.
გავიდა დრო და ისინი დოჰიოზე დიდი მოწინააღმდეგეები გახდნენ. ასა დღემდე ის ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც ჰაკუჰომ 10-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და უარყოფითი ბალანსი აქვს – 14:15…
ზუსტად ვერავინ იტყვის რა იქნებოდა, ასაშორიუ მისი დაუდევარი ქმედებიბს გამო სუმოდან რომ არ მოეკვეთათ, თუმცა ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ჰაკუჰო ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მოიპოვებდა. ფენიქსი დრაკონს ბოლოს უფრო მეტს უგებდა.
საბოლოოდ, ყველაფერი მაინც დათვლადია – ასაშორიუმ იმპერატორის თასი 25-ჯერ მოიგო, ჰაკუჰომ კი ნოემბერში პირველობა ორმოცდამესამედ იზეიმა.
მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ წარმატება 9-ჯერ იზეიმა…
მონღოლმა კაკურიუმ – 6-ჯერ
და სად არიან ამ დროს იაპონელები? კანონი მიიღეს, რომ არც ერთ კლუბს ერთზე მეტი უცხოელის დამატება აღარ შეეძლოს. იქნებ ასე მაინც დაიბრუნონ პირველობა. სანამ ჰაკუჰოა ამას ვერ შეძლებენ.
შეიძლება დაეცეს, თუმცა ფერფლიდან მაინც აღდგება და უფრო ძლიერი დაბრუნდება.