რუსეთი დამარცხდა! ნახევარფინალში ჰოლანდიამ მოუგო: 33:32. ჰოლანდია ფინალშია!
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალის ამბავს ამდენ ძახილის ნიშანს იმიტომ ვუსვამთ, რომ ჯერ ერთი გუნდებმა უკიდურესად დაძაბული და მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, რაც თავისთავად იწვევს ემოციას და მეორეც, საათივით აწყობილი, მძლავრი რუსული მექანიზმის დაძლევა ადვილი წარმოსადგენი არ იყო. ჰოლანდიელებს რასაკვირველია ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ აქამდე ყველა შეხვედრაში გამარჯვებულ რუსეთს მაინც ფავორიტად მიიჩნევდნენ. ამბობდნენ, რომ მას მხოლოდ ნორვეგია თუ გააჩერებდა.
თუმცა, მედალს, რასაკვირველია, მეორე მხარეც ჰქონდა: რუსები ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე შედარებით იოლ ჯგუფში მოხვდნენ და სანამ სხვა ჯგუფებში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონები ერთმანეთს სიქას აცლიდნენ, ის შედარებით იოლად იგებდა თამაშს თამაშზე. იოლად, მაგრამ დამაჯერებლად.
და იგივე გაგრძელდა მეორე, მთავარ ჯგუფურ ეტაპზეც, რომლის ბოლო შეხვედრამ ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინა. უკვე უმოტივაციო რუსებმა უკიდურესად მოტივირებულ ესპანელებს ისე გადაუარეს, რომ ბევრმა ჩემპიონატის ბედი გადაწყვეტილად ჩათვალა. არადა, ამ გამარჯვების შედეგად რუსებმა მეტოქედ ჰოლანდია ირგუნეს… თურმე, ამაოდ.
თვალსაჩინოებისთვის შეხვედრის ბოლო მონაკვეთის მიმდინარეობა მოვიყვანოთ: 46-ე წუთზე რუსეთი ერთი გოლით იგებდა. 49-ზე ანგარიში გათანაბრდა. 50-ეზე წინ ჰოლანდია გავიდა. შემდეგ ისევ გათანაბრდა ანგარიში და ეს სცენარი (ჰოლანდიის წინ გასვლა და რუსეთის მიერ ანგარიშის გათანაბრება) დარჩენილი 10 წუთის განმავლობაში დიდი ვნებათაღელვის თანხლებით ექვსჯერ განმეორდა…
რუსეთის ნაკრებს ვერც მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, შეუჩერებელმა როსტოველმა მარჯვენა ინსაიდმა ანა ვიახირევამ უშველა.
ხოლო, რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად გასაკვირი გახლდათ. მოდი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალს სიტყვა სენსაციას მაინც ნუ ვაკადრებთ, მაგრამ იმ ესპანეთმა, რომელიც ზემოთ რუსეთის მიერ გადათელილად მოვიხსენით, ის ნორვეგია, რომელიც რუსების ერთადერთ გამჩერებლად მიაჩნდათ, 28:22 დაამარცხა, თან თვალსაჩინოდ. მეორე ტაიმის ბოლო მონაკვეთში უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ესპანელები ამ შეხვედრაში გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუსვებდნენ. ნორვეგიამ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა.
ამრიგად, რუსეთისა და ნორვეგიის მატჩი კვირას მაინც გაიმართება, ოღონდ მას საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად ფინალი კი არა, მესამე ადგილისთვის შეხვედრა ერქმევა;
ხოლო მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას ჰოლანდია და ესპანეთი გაარკვევენ.
დილით კი კუმამოტოს „პარკ დოუმმა” 7-8 და 5-6 ადგილების გასანაწილებელ თამაშებს უმასპინძლა.
მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიამ შვედებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. უფრო სწორად, თავიდან გერმანელები იგებდნენ, მაგრამ მათი ზეწოლა მხოლოდ 21 წუთს გაგრძელდა და 4 გოლიან უპირატესობას არ ასცილებია, მერე კი დაიწყო შვედური წარმოდგენა. სკანდინავიელები სამჯერ 12 გოლითაც კი გავიდნენ წინ. მატჩი დამთავრდა 35:24.
ხოლო მე-5 ადგილზე გავიდა მონტენეგრო, რომელმაც სერბეთს 28:26 მოუგო. ერთმანეთისადმი უკიდურესად მეგობრული ბალკანური ქვეყნების ნაკრებთა შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ანგარიში მონტენეგრომ გახსნა. შემდეგ სერბეთმა გაქვითა და მეხუთედან მეოცე წუთამდე წინაც იყო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. დარჩენილი 40 წუთის განმავლობაში სერბები მხოლოდ ერთხელ გავიდნენ წინ. თავის მხრივ, ძალიან არც მონტენეგროელები გაქცევიან მეტოქეს — ყველაზე მეტი, სამი გოლით თუ დაწინაურდებოდნენ ხოლმე, მაგრამ მეხუთეზე გასასვლელად ასეთი უპირატესობაც საკმარისი გამოდგა.