შარშან ამ დროს პეპ გვარდიოლა გაბრაზდა. მიზეზი: „სიტის” მანჩესტერის Great Northern Warehouse-ში (ჩრდილოეთის დიდი საწყობი — თბილისური „ფაბრიკის” ტიპის გასართობი ცენტრი, რომელიც ადრე მართლა საწყობი იყო) საკლუბო ქეიფი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა იქ რომ მოათავეს, ახლომახლო ბარებს მოედნენ და გადააბეს. ამას მოჰყვა მეორე დღეს, ვარჯიშზე, ნაბახუსევ მოთამაშეთა დასიებული სახეები და ორი მარცხი — მალევე „კრისტალ პალასთან”, ბოქსინგ დეიზე კი „ლესტერ სიტისთან”.
და აი, ერთი წლის წინანდელი რომ არ გამეორებულიყო, გუშინ გვარდიოლა ეგრეთწოდებულ კორპორატიულზე გუნდის სახელით მარტო მივიდა. ეს ამბავი სადღაც ალბიონ სტრიტზე მდებარე ბარში მოხდა.
რასაკვირველია, კატალონიელი მწვრთნელი დიქტატორი არ არის და, სავარაუდოდ, ფეხბურთელებს უახლოეს დღეებში საახალწლო ქეიფის ნებას დართავს, მაგრამ ამჯერად მისთვის მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეებს გამოძინათ, რათა „არსენალთან” საკვირაო მატჩისთვის კარგად მომზადებულყვნენ.
მოგეხსენებათ, გაბრიელ ჟესუსმა მიმდინარე კვირის შუაში გვარდიოლასეული „სიტის” მეხუთასე გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონთა ლიგაში, ზაგრების „დინამოსთან” შეხვედრაში (4:1) მოხდა (ჟუსუსმა ჰეთ-თრიქი შეაგდო), მაგრამ გვარდიოლამ იხუმრა, თუ „ლივერპულის” დაწევა გვინდა, ჩემს მოთამაშეებს უახლოეს ორ თვეში ერთი ამდენის გატანაც მართებთო.
16 ტურის შემდეგ „ლივერული” „მანჩესტერ სიტის” 14 ქულით უსწრებს.
„ძალიან სასიამოვნოა 500 გოლიან ნიშნულს რომ მივაღწიეთ. გასულო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი გავიტანეთ და ამდენი არ გაგვიშვია. იყო შეხვედრები, რომლებშიც მართლა ძალიან ბევრი შევაგდეთ. უამრავი სასიამოვნო მოგონება დაგვიგროვდა, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი ამდენს უახლოეს ორ თვეში გავიტანთ.
გვიხარია, რომ მეხუთასე გოლი გაბიმ გაიტანა. იმედია, ეს მასზე დადებითად იმოქმედებს”.