კრივში, მძიმე წონით კატეგორიაში თუ იბრძვი, სადღაც გამოჩნდება მეტოქე, რომელიც აუცილებლად დაგამარცხებს. აქ ისეთი ხალხი გამოდის, მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით რომ შეუძლიათ დაამარცხონ. ეს დაუწერელი კანონი ყველაზე ვრცელდება, როგორც ლეგენდებზე, ისე რიგით ჩემპიონებზე…
მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ჯოშუამ თავი 2012 წლის ოლიმპიადიდან დამამახსოვრა, ის ლეგენდების კატეგორიას არ განეკუთვნება. იმიტომ არა, რომ რუიზთან წააგო, ეს სენსაცია ბრიტანელის დაუდევრობის გამო მოხდა და არა მექსიკელის სწორუპოვრობით. იმიტომ, რომ მან ძველი ფორმა დაკარგა.
სამყარომ კარგად იცის ორი მუჰამედ ალი – კრივს ჩამოშორებამდე და დაბრუნების შემდეგ. მას ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა არ ჰქონდა, თუმცა რინგზე პანტერასავით გადაადგილდებოდა, მოქნილად და სწრაფად, თავდასხმისკენ მომართული. იდექი ალის პირისპირ და თითქოს ღმერთი გიყურებდა, დაგცინოდა, გცემდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდი. 3 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მენტალურად ის ისევ კასიუს კლეი გახდა, რომელიც კარგმა მოკრივე ჯო ფრეიზერმა დაამარცხა. ის სისხარტე და ამტანობა აღარ იგრძნობოდა, ძველად რომ ჰქონდა. ერთი ფიზიონომიის ორ კაცს, ერთადერთი რაც საერთო დარჩა, ეს მეთორმეტე რაუნდში ძალების მოკრება და ღმერთის რეჟიმით ჩხუბი იყო. სწორედ ამან გახადა ალი პირველ სპორტსმენად, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში მიყოლებით 3-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი…
რატომ გავიხსენე ახლა ეს? თუ მუჰამედ ალი შეიძლება ისეთი მოქნილი, სხარტი და ამტანი ვეღარ იყოს, რა დაემართება რიგით ჯოშუას? კიდევ ერთი კარგი მოკრივე, რომელიც ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, მაგალითად დეონტეი უაილდერი, გამოვა და ცხვირ-პირს გაუერთიანებს. მართალია, ჯოშუამ სწორი ტაქტიკით რინგზე შეპარული გარეგნობის კაცი დაამარცხა და სამ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა, მისი სახელი დედამიწაზე ყველამ რომ გაიგო, ესეც ჯოშუას დამსახურებაა. მან მოწინააღმდეგე თავად შექმნა და შემდეგ თავადვე აჯობა.
თავის დროზე, ბრიტანელმა ასევე კარგი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოირგო. ახლა ის მიისწრაფის, რომ ყველა ქამარი გააერთიანოს. გზაზე უაილდერი დახვდება, მონსტრი, რომელიც იკარუსივით მიწაზე დაანარცხებს.
არ გჯერათ? – აბა, ერთად ვნახოთ…