ყოჩაღ, სერბეთს! ბალკანეთის გუნდმა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მეორე ეტაპი 0 ქულით დაიწყო (ანუ, პირველი ეტაპიდან ქულა არ გადმოჰყოლია), მაგრამ გარდაისახა, ფარული ძალები მოიკრიბა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

სერბეთი მეორე ანუ მთავარი ეტაპის I ჯგუფშია, სადაც დღეს გერმანიას შეხვდა და უკიდურესად დრამატურლ მატჩში 29:28 მოუგო. დაძაბულობა თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ: 60 წუთიანი თამაშის 59-ე წუთზე გერმანია იგებდა, მაგრამ ბოლო ორი გოლი სერბებმა გაიტანეს. გამარჯვების ბურთი გამთამაშებელმა კრისტინა ლიშჩევიჩმა ბოლოწამს შეაგდო. ამრიგად, გერმანიას 5 ქულა დარჩა, სერბებს  კი 4 გაუხდათ.

მთავარ რაუნდში პირველი გამარჯვება იზეიმა დანიამ — სკანდინავიელებმა სანიმუშო კოლექტური თამაშით სძლიეს 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორ ჰოლანდიას 27:24 და პირველი ეტაპიდან გადმოყოლილ 1 ქულას 2 ახალი დაამატეს. ჰოლანდიელებმა კი მეორე ეტაპზე უკვე მეორედ წააგეს.

ნორვეგიამ სამხრეთ კორეის გუნდი პირველიდან ბოლო წამამდე დაჩრდილა — 36:25.

ამრიგად, I ჯგუფს 6 ქულთ ლიდერობს ნორვეგია, მეორეზე მოდის 5 ქულიანი გერმანია, მათ ჩამორჩებიან 4 ქულიანი ჰოლანდია და სერბეთი, 3 ქულით ბოლოწინა ადგილზეა დანია და ბოლო ადგილზე 2 ქულით კორეაა.

ამასობაში კი გაირკვა მე-13 ადგილის მფლობელი, რომელსაც ეგრეთწოდებული „პრეზიდენტის თასი” გადაეცა. დავაზუსტოთ: პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით მთავარ რაუნდს მიღმა დარჩენილმა 12 გუნდმა 13-24 ადგილები გაინაწილა. ისინი დაიყვნენ სამ ჯგუფად: 13-16 ადგილებისთვის მებრძოლები, 17-20 ადგილებისთვის მებრძოლები და 21-24 ადგილებისთვის მებრძოლები. თითოეულმა ოთხეულმა გაითამაშა თავისი მიკროტურნირი (ფლეი-ოფებში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდნენ, ხოლო დაამარცხებულები — ერთმანეთს). ამჯერად, ყველა შედეგის ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ გეტყვით, რომ მე-13 ადგილზე გავიდა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთი, რომელმაც „პრეზიდენტის თასისთვის” შეხვედრაში დაამარცხა უნგრეთი 26:21 და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცთან, ეგვიპტელ ჰასან მუსტაფასთან ფოტოც გადააიღო.
ცნობისთვის: ეს, საფრანგეთის ქალთა ნაკრების ისტორიაში უარესი შედეგი გახლდათ.