მაურისიო პოჩეტინომ „ევერტონს” უარი უთხრა. გუშინ, ლივერპულის კლუბი მარკო სილვას მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ არგენტინელს დაუკავშირდა, სამსახური შესთავაზა. „ევერტონი” პრემიერლიგის ცხრილში სახიფათო ადგილებში ტრიალებს და მისმა ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.
იმას, რომ ლივერპულელები არგენტინელმა უარით გაისტუმრა, The Athletic წერს. მოგეხსენებათ, თავად პოჩეტინო ორიოდ კვირის წინ „ტოტენჰემმა” გაუშვა და ახალი სამსახურის ძიებაშია, მაგრამ ეტყობა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ისეც არ უჭირს, გასავარდნთა ზონაში მოტრიალე კლუბს რომ დათანხმდეს შეთავაზებაზე.
„ევერტონის” ოფიციალურ განცხადებაში კი ამ დროს წერია, რომ კლუბი ადასტურებს მარკო სილვას გათავისუფლების ამბავს.
„კლუბის მთავარი მეწილე ფარჰად მოშირი, თავმჯდომარე ბილ კენრაიტი და დირექტორთა საბჭო მადლობას უხდის მარკოს ბოლო 18 თვის განმავლობაში გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში. „ევერტონის” გაძღოლა დროებით დანკან ფერგიუსონმა იტვირთა და შაბათს, „ჩელსისთან” შეხვედრაში გუნდს ის გაუძღვება. კლუბი აპირებს ახალი თავკაცის მოძებნისა და დანიშვნის საკითხი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოაგვაროს”, — წერია განცხადებაში.
ამბობენ, რომ რაკიღა პოჩეტნოსთან ცდა ბედის მონახევრე არ გამოდგა, „ირისები” ვიტორ პერეირას გადაბირებაზე გადაერთნენ. ეს პორტუგალიელი ამჟამად შანხაის SIPG-ში მუშაობს და ადრე, მარკო სილვას მსგავსად, „ოლიმპიაკოსსა” და თავისი ქვეყნის კლუბებში მუშაობდა.
პოჩეტინომ კი „ტოტენჰემიდან” წასვლის შემდეგ ცოტა ხნით არგენტინაში დაისვენა და მალე ისევ ინგლისში დაბრუნდება. რამდენიმე დღის წინ მან Fox Sports-თან ინტერვიუში თქვა:
„ძალიან ბევრი კლუბისგან მაქვს მიმზიდველი წინადადება, ბევრ საინტერესო პროექტში შემიძლია ჩავერთო. ჯერჯერობით ჩემი ამოცანა „ტოტენჰემში” გატარებული საოცარი ხუთწელიწადნახევრის შემდეგ გადართვა და გონების გათავისუფლებაა. მინდა ფორმაში ჩავდგე და ახალი მოტივაცია გამოვძებნო.
მალე სამომავლო გადაწყვეტილების მისაღებად ევროპაში ვაპირებ დაბრუნებას. ჩემს ასაკში დასასვენებლად დიდი დრო არ მჭირდება. მზად ვარ ყველა შემოთავაზებას გულდასმით მოვუსმინო”.
ზემოხსენებული The Athletic კი წერს, რომ ამ მოკლე ხანში „ევერტონის” ოფისში ასზე მეტი მწვრთნელისგან მივიდა განცხადება ვაკანსიაზე აყვანასთან დაკავშირებით. არის ლაპარაკი ედი ჰოუიზე, ერიკ ტენ ჰაგზე, მიკელ არტეტასა და „გუდისონ პარკისთვის” კარგად ნაცნობ დევიდ მოიესზეც.