მალე, თანამედროვე საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთ ვარსკვლავს მოისაკლისებს. 15-წლიანი ეპოქა სრულდება.

თავისი შესანიშნავი კარიერის მანძილზე ის 71 კვირის მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და WTA-ს 30 ტიტულიც მოიხვეჭა. შარშანწინ, ქალთა შორის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დიდი სლემის ჯილდო პირველად და ჩანს, ბოლოჯერ მოიპოვა.

კაროლინ ვოზნიაცკი დიდი ჩოგბურთიდან მიდის. დანიელ ლამაზმანს, რომ მსოფლიო მასშტაბით უამრავი ქომაგი და თაყვანისმცემელი ჰყავდა, თქმა არ უნდა. გასაკვირი არ იქნება თუ მისი სათამაშო სტილი გულშემატკივრებში დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდა, რადგან უპირატესობას დაცვიდან თამაშს ამჯობინებდა, მაგრამ კორტზე ყოველთვის ანათებდა.

კაროლინ ვოზნიაცკი, რომელიც ამჟამად რეიტინგის 37-ე ნომერია, პროფესიონალურ დონეზე ჩოგანს უკანასკნელად იმ ტურნირზე გაიქნევს, სადაც ყველაზე დიდი სიხარული განიცადა – ავსტრალიის ღია პირველობაზე. 2018 წელს, მან ხომ სწორედ მელბურნის კორტებზე იჩემპიონა.

„ჩოგბურთმა ყველაფერი მომცა. უფრო სწორად ჩვენ ორივემ მივეცით ერთმანეთს ყველაფერი. მივაღწიე იმას, რაზეც ბავშვობაში, როდესაც ამ არაჩვეულებრივ სპორტის სახეობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი შეიძლებოდა მეოცნება. ეს 15 წელი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი და შესანიშნავი პერიოდი იყო. წასვლის დრო მოვიდა. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. 2020 წლის იანვარში ჩემი საჩოგბურთო კარიერა დასრულდება. მსურს ეს მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე მოხდეს. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, მეუღლის, მწვრთნელების, გუნდის და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების. მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი,“- მიმართა დანიელმა ჩოგბურთელმა საზოგადოებას.

კაროლინ ვოზნიაცკი ჯერ მხოლოდ 29 წლის გახლავთ და თითქოს რამდენიმე წელი ჩოგბურთიდან წასვლაზე არ უნდა ეფიქრა, მით უფრო რომ წლეულს ის არც ტრავმებს შეუწუხებია და მეტნაკლებად წარმატებული სეზონიც ჰქონდა.

ავსტრალიის ღია პირველობა, მელბურნში,  20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება და სიმბოლური და ალალი იქნება თუ კაროლინ ვოზნიაცკი დიდ ჩოგბურთს საჩემპიონო თასით ხელში დაემშვიდობება.