პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere delo sport სკანდალში გაეხვა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი, გავრცელებული და კითხვადი სპორტული გაზეთი შეეცადა კრეატიულ-ორიგინალური ყოფილიყო და საპირველგვერდო სათაურით ბევრი გაანაწყენა. არა გვგონია ჩვენი იტალიელი კოლეგების ჩანაფიქრი ბოროტი ყოფილიყო, მაგრამ უნებლიედ, უშნო ხუმრობა კი გამოუვიდათ.
საქმე, სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის ანონსს ეხება, რომლის ცენტრალური მატჩიც „სან სიროზე“ გაიმართება და „ინტერი“ „რომას“ უმასპინძლებს.
„შავი პარასკევი“ – ასეთია Corriere delo sport-ის 5 დეკემბრის პირველი გვერდი, რომელზეც აქეთ-იქით ორი ფერადკანიანი ფეხბურთელი, „ინტერის“ ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და რომაელთა მცველი კრის სმოლინგია გამოსახული. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გაზეთის რედაქცია უმალ რასიზმში დაადანაშაულეს.
„რომაში“ ჟურნალისტების ნამოქმედარს არაორაზროვანი შემოქმედება უწოდეს და საქციელი დაუწუნეს. სოციალურ ქსელშიც გამოხმაურებებმა არ დააყოვნა.
„ის, რაც დღეს დილით ვიხილეთ გამართლება არა აქვს. გულწრფელად მგონია, რომ ჟურნალისტები საკუთარ შეცდომას აღიარებენ და მომდევნო ნომერში მოიბოდიშებენ,“ – წერს დედაქალაქელთა გულშემატკივარი.
„ეს უგემოვნო სათაურია, რომელიც ასეთ გამოცდილ და ბევრისთვის საყვარელ გამოცემას არ ეპატიება. რომ ვთქვა გაოგნებული ვარ, მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან უბრალოდ შოკირებული ვარ,“ – ვკითხულობთ პუბლიკაციის ქვეშ „რომას“ კიდევ ერთი ქომაგის კომენტარს.
„ეს გაუგონარი და უპატიებელი სირცხვილია. სათაური აშკარად რასისტულ ქვეტექსტს შეიცავს,“ – ეს უკვე „ინტერის“ გულშემატკივრის აღშფოთებაა.
ასე რომ, არ გამოვრიცხოთ Corriere delo sport-ს განმარტებების გაკეთება და სულაც მობოდიშება მოუხდეს. „ინტერი“ „რომას“ დაპირისპირება კი 6 დეკემბერს გაიმართება.