ბუქარესტში გაიმართა ევრო-2020-ის წილისყრა. სულ სხვა მუღამით ვუყურებდით, რადგან გაისად ზაფხულს ევროპაზე საქართველოს ნაკრებიც შეიძლება ვიხილოთ…
საქართველო, მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D ჯგუფში თამაშობდა. ჩვენებმა იმარჯვეს და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. საქართველო 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს და თუ მოიგებს, თბილისშივე მაკედონია-კოსოვოს გამარჯვებულს დაუხვდება. მოგებული ევროპის ჩემპიონტზე ითამაშებს, სადაც მეტოქეები იქნებიან ჰოლანდია, უკრინა და ავსტრია.
ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A – იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი
B – ბელგია, რუსეთი, დანია, ფინეთი
C – უკრაინა, ჰოლანდია, ავსტრია, D გზიდან გასული
D – ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზიდან გასული
E – ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზიდან გასული
F – გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზიდან გასული
წარმოიდგინეთ, ერთ ჯგუფში მოხვდნენ ბოლო სამი დიდი ტურნირის ჩემპიონები… გერმანია 2014, პორტუგალია 2016, საფრანგეთი 2018… საოცარია!!!
თუ A გზიდან ევროპის ჩემპიონატზე თუ რუმინეთი გავა, მაშინ მასპინძლის ფაქტორის გათვალისწინებით (რადგან ევროპის ჩემპიონატის მატჩები რუმინეთშიც ტარდება), D გზიდან გასული გადაინაცვლებს F ჯგუფში – გერმანიასთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან. ასე რომ, არსებობს შანსი, რომ საქართველო გავიდეს ევროპაზე და სწორედ ამ „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდეს.
ერთა ლიგის ფლეი ოფებისთვის კი გუნდები ას დაწყვილდნენ:
A გზა
ნახევარფინალები: ისლანდია – რუმინეთი, ბულგარეთი – უნგრეთი
ფინალში მასპინძელი იქნება ბულგარეთი ან უნგრეთი
B გზა
ნახევარფინალები: ბოსნია–ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი–ირლანდია
ფინალში მასპინძელი იქნება ბოსნია ან ჩრდილოეთ ირლანდია
С გზა
ნახევარფინალები: შოტლანდია – ისრაელი, ნორვეგია–სერბეთი
ფინალში მასპინძელი იქნება ნორვეგია ან სერბეთი
D გზა
ნახევარფინალები (26 მარტს): საქართველო-ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვო
ფინალში (31 მარტს) მასპინელი იქნება საქართველო ან ბელარუსი
როგორც იცით, ევრო-2020 12 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება 12 ივნისიდან 12 ივლისამდე. ფორმატი იგივე იქნება, როგორც წინა ევროპაზე და ასევე, 1986, 1990 და 1994 წლების მუნდიალებზე: 24 გუნდი, 6 ჯგუფი და მერვედფინალში ორ-ორი გამარჯვებულის გარდა, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსნის გასვლა.
აქამდეც ცნობილი იყო, თუ რომელი ჯგუფის მატჩები რომელ ქალაქებში გაიმართებოდა:
A – რომი, ბაქო
B – სანკტ-პეტერბურგი, კოპენჰაგენი
C – ამსტერდამი, ბუქარესტი
D – ლონდონი, გლაზგო
E – ბილბაო, დუბლინი
F – მიუნხენი, ბუდაპეშტი
თუ საქართველო გავა, პირველ მატჩს 14 ივნისს ავსტრიასთან გამართავს ბუქარესტში; მეორეს 18 ივნისს ასევე ბუქარესტში უკრაინასთან და 22 ივნისს ამსტერდამში ჰოლანდიასთან… გავიმეოროთ, ეს იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთი ვერ გავა ევროპაზე.
საინტერესოა ევრო-2020-ის საპრიზო ფონდიც… მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა 9,25 მილიონ ევროს გამოდის. ჯგუფში თითოეული მოგებისთვის გუნდი დამატებით 1,25 მილიონს მიიღებს, ჯგუფში ფრე 750 ათასად ფასობს, მერვედფინალში გამსვლელს 2 მილიონი ერგება, მეოთხედფინალში 3,25 მილიონი, ნახევარფინალში თამაშისთვის 5 მილიონი; 7 მილიონს ფინალისტი მიიღებს, 10 მილიონს – ჩემპიონს.
საერთო საპრიზო ფონდი 371 მილიონ ევროს შეადგენს. ევრო-2016-ზე თანხა ნაკლები იყო – 301 მილიონი. ევრო-2012-ზე კი – 196 მილიონი.