„სანი” წერს, რომ ინგლისის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას მეორე ადგილზე გასვლა სჯობს. ასე გარეთ საუთგეიტის გუნდი მერვედფინალში საფრანგეთთან, გერმანიასთან ან პორტუგალიასთან თამაშის კოშმარს აიცილებს თავიდან.
გუშინ, ბუქარესტში ჩატარებულ ევრო 2020-ის კენჭისყრაზე ინგლისელები მოხვდნენ ჯგუფში, სადაც მათ გარდა არიან ხორვატია, ჩეხეთი და ერთა ლიგის ერთ-ერთი ფლეი ოფის გამარჯვებული, რომელიც არ არის გამორიცხული შოტლანდია იყოს.
როგორც მოგახსენეთ, იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები პირველ ადგილზე გავლენ, 30 ივნისს, დუბლინში, საფრანგეთთან, პორტუგალიასთან ან გერმანიასთან მოუწევთ დაპირისპირება, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში მათი მეტოქე იქნება ვინმე E ჯგუფიდან — შვედეთი, პოლონეთი ან უარეს შემთხვევაში ესპანეთი. აქ „სანი” იმედოვნებს, რომ E ჯგუფში პირველ ადგილს ესპანეთი არ დაიკავებს, ხოლო ფლეი ოფიდან გასული მეოთხე გუნდის პირველობის ვარიანტს არც განიხილავს. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ინგლისს მერვედფინალი 29 ივნისს კოპენჰაგენში მოუწევს.
საუთგეიტი, რომელსაც საქმეში ჩაბმა 14 ივნისს, მშობლიურ „უემბლიზე”, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან უწევს, ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი პირველ ადგილზე გასვლა იქნება.
„საკუთარი ძალისა იმდენად უნდა გვწამდეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შესახვედრად მზად ვიყოთ. ჩვენი პოზიცია მარტივია: ვინც უნდა შეგვხვდეს. გარწმუნებთ, ჩვენთან თამაშზე სხვებიც იგივეს იფიქრებენ. ეს ჩვენი ფეხბურთელებისა და ფანებისთვის ჩინებული თავგადასავალი იქნება.
რაც შეეხება „უემბლიზე” თამაშს, ნახევარფინალამდე ეს არანაირი უპირატესობა არ არის”.