თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯიას“ ლევან კუტალიასა და სენეგალელი არფან დაფეს გოლებით 2:0 მოუგო და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
დინამოელებმა სამი წლის შემდეგ დაიბრუნეს ტიტული. მათ პირველად აღმართეს ახალი საჩემპიონო სინი, რომელიც 2017 წლიდან თამაშდება.
მთავარი მწვრთნელის, ჩისკოს სადებიუტო სეზონი წარმატებული გამოდგა. მას ფეხბურთელობისასაც ორჯერ მოუგია „დინამოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონობა. ახლა კი ამას მწვრთნელის რანგშიც მიუმატა ტიტული. აღსანიშნავია მისი თანაშემწის, ფელის ვისენტეს დამსახურებაც.
საჩემპიონო ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ამ ბრძოლაში „დინამო,“ „ბათუმი“ და „საბურთალო“ მონაწილეობდნენ. ბოლოს ორნი დარჩნენ, მაგრამ ბათუმელებს გამოცდილება არ ეყოთ. თუმცა, მათმა დამრიგებელმა, გია გეგუჩაძემ დიდი სამუშაო გასწია, ქვედა ლიგიდან ამოსული გუნდი პირველივე სეზონში ლამის ჩემპიონი გახადა, რაც მომავლისთვის ოპტიმიზმის საფუძველს გვიტოვებს. ზღვისპირელებმა თავის ქომაგებთან ერთად ძალიან გაალამაზეს ეროვნული ლიგა.
„დინამოსთვის“ სეზონი რთული გამოდგა. ის იყო, თამაში დალაგდა, რომ გუნდს გამოკვეთილი ლიდერი, ლევან შენგელია გამოაკლდა — თურქეთში გააგრძელა კარიერა. ამის შემდეგ ლიდერობა ნიკა ნინუამ იკისრა. მისი ჯარიმები კი საფირმო გახდა. ასეთები ჩვენს ჩემპიონატში იშვიათად გვინახავს.
დინამოელთათვის ქუთაისის „ტორპედოს“ კრიზისიც სასარგებლო გამოდგა. სეზონის განმავლობაში იმერული კლუბიდან დედაქალაქელებს გიორგი ქიმაძე და ნოდარ ქავთარძე დაემატნენ, რომლებმაც დიდი წვლილი დაიდეს საერთო წარმატებაში.
„ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩის შემდეგ, დიდებული ფოიერვერკი მოეწყო. მთაწმინდის ტელეანძა კი „დინამოს“ ფერებად განათდა.
ახლა მთავარია დინამოელებმა მინიმალური დანაკარგით დაიწყონ მომავალი სეზონი, რათა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ღირსეულად წარსდგნენ.