დინამო – ბათუმი: ვინ ახტება უფრო მაღლა 1 დეკემბერს გაირკვევა

კვირას, 1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ლიდერი, თბილისის „დინამო,“ უკვე კარგა ხნის გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ შინ დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი და თანაკლუბელი „ბათუმი“ კი თბილისში, ასევე უმოტივაციო „ლოკომოტივს“ ეწვევა. თბილისელები 2 ქულით უსწრებენ უშუალო კონკურენტს და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაიფორმებენ, თანაბარქულიანობის შემთხვევაში კი (ვთქვათ, „დინამომ“ ფრედ ითამაშა და „ბათუმმა“ მოიგო) ჩემპიონი „ბათუმი“ გახდება, რადგან თბილისელებთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს (1:0, 3:2, 1:2, 1:1).

ამ შემთხვევაში „ბათუმი“ რიგით მეათე გუნდი გახდება, ვინც ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ჩემპიონი ყოფილა. წარმატების შემთხვევაში კი „დინამო“ მე-17 ტიტულს მოიპოვებს.

შარშან ფარი საბურთალომ მოიპოვა

მესამე წელიწადია პირველობა შეცვლილი, ათგუნდიანი სისტემით ტარდება და მეორედ ხდება, რომ ჩემპიონი ბოლო ტურში ირკვევა. ალბათ, კარგად გახსოვთ დრამატული შეხვედრა, 2017 წლის ნოემბერში, „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის, როცა თბილისურ კლუბს ფრეც ჰყოფნიდა ტიტულის მოსაპოვებლად. მაგრამ 0:1 დამარცხდა და პირველები ქუთაისელები გახდნენ ვინც ჩემპიონის ფარი მოიპოვა.

მას შემდეგ „დინამო“ ძალიან შეიცვალა, „ტორპედო“ კი დაშლას გადაურჩა (იმედია) და მთლად ახალი  გუნდია.

შარშან,  „საბურთალო“ სეზონის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. სწორედ თბილისის „დინამოსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ (2:1). „საბურთალო“ ქვეყნის რიგით მეცხრე გუნდი აღმოჩნდა, ვისაც ქვეყნის ჩემპინოიბა მოუპოვებია. მანამდე „დინამო,“ „ტორპედო,“ „ვიტ ჯორჯია,“ „სიონი,“ „მეტალურგი,“ „ზესტაფონი,“ „დილა“ და „სამტრედია“ პირველობდნენ.

30 ნოემბერი: საბურთალო – სიონი, რუსთავი – დილა

1 დეკემბერი: ტორპედო – ჩიხურა, ლოკომოტივი – ბათუმი, დინამო – ვიტ ჯორჯია