ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლისთან” 1:1-ის შემდეგ, „ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპს საწუხარი გამოუჩნდა — ფაბინიო დაუშავდა და გერმანელი შიშობს, რომ ბრაზილიელის გამოკლებამ მისი გუნდი შეიძლება უკან დაწიოს.

ფაბინიო მე-19 წუთზე ჟორჟინიო ვინალდუმმა შეცვალა. წინ კი დატვირთული კალენდარია — პრემიერლიგა, მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა „მონაკოს” ყოფილი ვარსკვლავის გარეშე იოლად ვერ ჩაივლის.

კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ახლა ზალცბურგთან ავსტრიაში აქვს სათამაშო და მერვედფინალში გასასვლელად ფრე მაინც სჭირდება. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის კი მოგებაა აუცილებელი.

მერსისაიდელთა თავკაცი „ნაპოლისთან” თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა, მაგრამ უფრო დიდ პრობლემად ფაბინიოს ტრავმა მიაჩნია. კლოპმა თქვა:

„იტალიური გუნდის გასახდელში ალბათ ჰგონიათ, რომ უკვე ფლეი-ოფში არიან და შეიძლება არიან კიდეც, ჩვენთან კი ყველა ასე ფიქრობს: “ღმერთო ჩემო, წინ რა რთული თამაში გველის”. „ნაპოლიმ” ისეთი ტაკქტიკა აირჩია, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში შეეძლო მისი ერთგული დარჩენილიყო, ჩვენ კი მეტოქეზე ზეწოლა მუდმივად უნდა გაგვეძლიერებინა. ბრწყინვალედ ნამდვილად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ, რომ ვაწვებოდით ფაქტია. ყველაზე უკმაყოფილო კი ბოლო 15 წუთით თუ ნახევარი საათით დავრჩი.

მეორე ტაიმი ძალიან ინტენსიური იყო. ეს გასაგებიცაა, მათ პირველ ტაიმში გატანილი გოლი უნდა დაეცვათ. ჩვენ განსაკუთრებით მწვავე მომენტები ვერ შევქმენით. ასეთი შეიძლება სულ ერთი თუ ორი იყო, ოღონდ დღეს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ისევ ჩვენს ხელთაა. ახლა, ბოლო ტურში, ზალცბურგში უნდა ჩავიდეთ და მოვიგოთ.

თუმცა, დღევანდელ პრობლემათა შორის ყველაზე დიდი ფაბინიოს დაშავება იყო. ჯერ ადრეა რაიმეს თქმა. იმედი გვაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება. კოჭის გარშემო ტკივილი განსაკუთრებით ცუდია”.