ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსი“ სატურნირო ცხრილში ლიდერ „მილუოკს“ 4 მოგებით ჩამორჩება, ისე კი მე-6 ადგილზეა.
ეს მოცემულობა მას შემდეგ დალაგდა, რაც ინდიანაპოლისელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. გოგა ბითაძის გუნდმა შინაურ კედლებში „იუტას“ 121:102 სძლია. რაც შეეხება ჩვენებურს, წინა მატჩისგან განსხვავებით მას მეტი სათამაშო დრო კი მიეცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქულათა მარაგის გრაფაში მხოლოდ 3 ჩაიწერა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე ყოფნის არასრულ 12 წუთში მეტოქის კალათს ზუსტი ორქულიანით შეუტია, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ერთი ტყორცნა გააცუდა. სხვა მხრივ, გოგა დაცვაში სასარგებლო იყო და 4 მოხსნაც მოინადავლა, რასაც ორი პასიც მიამატა.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდის დასაწყისში „ინდიანას“ უპირატესობა დიდი არ იყო და მეტოქეს 7 ქულით ამარცხებდა, საბოლოოდ კი საკმაოდ სოლიდური, 19 ქულიანი ჰანდიკაპით მოიგეს.
„ინდიანა“, მომდევნო მატჩს, 30 ნოემბერს „ატლანტა ჰოქსის“ წინააღმდეგ გამართავს და იმედია გოგა ბითაძე უფრო ნაყოფიერად გაირჯება.