„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” დაადასტურა, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს — არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს ადგილი პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიუმ დაიკავა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „განსაკუთრებული” ახალი სამსახურით ძალიან კმაყოფილია.
„დეზებს” მიმდინარე სეზონში არა და არ აეწყოთ საქმე, რამაც პოჩეტინოს თანამდებობა შეიწირა. მისი მოხსნიდან რამდენიმე საათში კი თანამდებობაზე „პორტუს”, „ჩელსის”, „ინტერის”, „რეალის” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი დაინიშნა.
სადღეისოდ, „ტოტენჰემი” პრემიერლიგის ცხრილში მეთოთხმეტეა და სექტემბრიდან თამაში არ მოუგია. ახლა, მოურინიუს ამოცანა მეოთხე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტისთან” 11 ქულიანი ჩამორჩენის დაძლევა იქნება.
პორტუგალიელმა თქვა, რომ ის უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის პერსპექტივამ მოხიბლა.
„აღტაცებული ვარ იმით, რომ დიდი მემკვიდრეობის კლუბში მოვედი, რომელსაც ემოციური გულშემატკივარი ჰყავს. ძალიან მომწონს, რომ როგორც მთავარ გუნდში, ასევე საფეხბურთო აკადემიაში საუცხოო მოთამაშეები არიან. სწორედ მათთან მუშაობის პერსპექტივა მომწონს ყველაზე მეტად”, — თქვა „განსაკუთრებულმა”.
მოურინიუმ „ტოტენჰემთან” 2023 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.
„ყველა კლუბში სადაც კი მან იმუშავა, რაიმე ტროფი მოიგო, — თქვა ახალ მწვრთნელზე „სფურზის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ, — ახლა, ჟოზეს სახით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი გვყავს. ის მდიდარია გამოცდილებით, დიადი მოტივატორი და ტაქტიკოსია”.
„ტოტენჰემის” მწვრთნელის რანგში მოურინიუს პირველი მატჩი შაბათს, „ვესტ ჰემთან” ელის, ხოლო თავის ბოლო გუნდს, „მანჩესტერ იუნაიტედს”, 4 დეკემბერს დაუპირისპირდება.