კაცმა ნაკრებს 5:0 მოაგებინა და მეორე დღეს მოხსნეს. ეს ამბავი ესპანეთში მოხდა. რობერტ მორენო ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მისივე წინამორბედი ლუის ენრიკე დააბრუნეს, რომლის დროსაც მორენო ასისტენტად მუშაობდა.
ამ ჩახლართულ ამბავს სამწუხარო დასაწყისი ჰქონდა. ლუის ენრიკემ ზაფხულში პოსტი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა. სურდა, შვილის გვერდით ყოფილიყო. სამწუხაროდ, ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილის მკურნალობა უშედეგო გამოდგა და ბავშვი სიმსივნით აგვისტოში გარდაიცვალა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა თქვა, რომ მორენოს კონტრაქტი იმთავითვე ითვალისწინებდა ლუის ენრიკეს დაბრუნების ალბათობას და ამდენად, მორენომ თავი დაჩაგრულად და მოტყუებულად არ უნდა იგრძნოს.
თუმცა კონტრაქტი კონტრაქტად და, მორენოს ნაკრებთან განშორება მაინც გაუჭირდა. როგორც ამბობენ, მწვრთნელმა ნაკრები თვალცრემლიანმა დატოვა და ჟურნალისტებთან საუბარიც იუარა.
მორენოს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის 9 მატჩი ჩაატარა და მათგან 7 მოიგო.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ჯერ კიდევ გუშინ დილას მის ინგლისში შესაძლო გადაბარგებაზე იყო ლაპარაკი. დღის განმავლობაში ყველაფერი ელვის სისწრაფით შეიცვალა.