ჩავიდა, ნახა, გაიმარჯვა – ეს სიტყვები ერთი-ერთში ესადაგება ლონდონში განვითარებულ საჩოგბურთო ბატალიებს, სადაც ვაჟთა შორის დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასის ტრიუმფით დასრულდა.

ინგლისის დედაქლაქში, ამ უპრესტიჟულეს და მნიშვნელოვან შეჯიბრზე, უნიჭიერესთან ერთად  ქარიზმატულმა ბერძენმა ჩოგბურთელმა კორტზე ცეცხლი დაანთო. ენა არავის მოუბრუნდება თქვას, საჩემპიონო თასი დაუმსახურებლად აღმართაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციასაც ხომ უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, იქ წარმატებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სტეფანოს ციციპასმა კი სკეპტიკოსებიც დაადუმა და ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ საჩოგბურთო სამყაროში მისი მეტეორივით შემოჭრა და უმალ უმაღლესი მწვერვალებისკენ სწრაფვა შემთხვევითი არ ყოფილა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მისი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ყოფნა უსაფუძვლო არ არის. ის მხოლოდ ბერძნული ჩოგბურთის არა,  ამ ქვეყნის სპორტის ახალ ისტორიას წერს და ვინძლო სპეციალისტების ვარაუდიც იმაზე ადრე ახდეს, ვიდრე მათ და ქომაგებს წარმოუდგენიათ – ერთხელაც ციციპასი მსოფლიო რეიტინგის ლიდერად მოგვევლინებაო.

 

 

სტეფანოს ციციპასმა, ლონდონის შემაჯამებლის საჩემპიონო გზა ჯგუფში მისთვის უხერხული და პრინციპული მეტოქის რუსი დანილ მედვედევის ძლევით დაიწყო, შემდეგ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ალექსანდრე ზვერევიც დაიქნია და მიუხედავად რაფაელ ნადალთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხისა, ნახევარფინალის საგზური მაინც გაინაღდა. იქ კი დიადი როჯერ ფედერერი დაამარცხა და ფინალში ავსტრიელი  დომინიკ ტიმის პირისპირ დადგა.

ორივე ჩოგბურთელი შემაჯამებლის ფინალში პირველად იყო, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ბერძენისთვის ტურნირი სადებიუტო გახლდათ, ავსტრიელს კი იქ თამაშის გამოცდილება ჰქონდა.  მეტიც – 2016 წელს, დომინიკ ტიმმა ლონდონში  სპარინგ პარტნიორად სწორედ ციციპასი იახლა და ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ 3 წლის შემდეგ, საჩემპიონი თასს ცხვირწინ სწორედ ის პატარა ბიჭი აწაპნიდა.

ფინალი კი მართლაც დრამატული გამოდგა და გულშემატკივარმაც ნამდვილი ბრძოლა იხილა. 3 სეტიანი თრილერი და ორი ტაიბრეიქი, რომელშიც 21 წლის ციციპასმა – 6:7, 6:2, 7:6 იმარჯვა.

სტეფანოს ციციპასი 2001 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ვაჟთა შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. 18 წლის წინ, 20 წლის ასაკში ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა იმარჯვა.