საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მატჩებს გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სახელბურთო აკადემიამ უმასპინძლა. 14 ნოემბერს „ქარიშხალამ” 31:21 მოუგო „წყალტუბოს”, ხოლო ქვეყნის ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა“ დაამარცხა პეგასი — 24:14.

ამ დღეს ათ გოლზე მეტი სამმა ხელბურთელმა გაიტანა: ფოთელმა ლანა გოგიამ, „ქარიშხალას” ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გაიტანეს.

მეორე დღს, „ქარიშხალამ” 15:13 დაამარცხა „ოქროს ვერძი” და საქართველოს ქალთა ჩემპიონატს 10 ქულით ლიდერობს. „პეგასმა” 20:13 მოუგო „წყალტუბოს”.

„ქარიშხალა” და „ოქროს ვერძი” ბოლოს წინა ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ფოთელებმა 32:25 მოიგეს.

ამ სეზონში ზღვისპირელებს ჯერჯერობით ტრავმირებული ლიდერი, გამთამაშებელი ნენო ჯგერენაია აკლიათ. „ქარიშხალასთან” თამაში მძიმე გამოდგა. „ოქროს ვერძმა“ ტაიმი 6:4 მოიგო და შესვენების შემდეგაც კარგა ხანს წინ იყო, თუმცა, ბოლოსკენ თბილისელებმა ნელ-ნელა გარდატეხეს თამაში. საფინალო სირენამდე წუთზე ნაკლები იყო და ფოთელები 13:14-ს აგებდნენ, როდესაც შეუტიეს, ანგარიშის გათანაბრება სცადეს, მაგრამ ბურთი თავისსავე ნახევარზე დაკარგეს და დაისაჯნენ — 13:15.

დანარჩენი ოთხი გუნდი, „ყვარელი”, „მამული”, „სამტრედია” და „აჭარა” მე-4 და მე-5 ტურის შეხვედრებს 28-29 ნოემბერს გამართავს.

პირველი წრე 20 დეკემბერს დაასრულდება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ კი ჩემპიონის ვინაობას ფიალური ოთხეული გამოავლენს.