ევროლიგის მორიგ მატჩში ეპანურმა „ბასკონიამ“ თელ-ავივის „მაკაბი“ მიიღო და მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა მოულოდნელად სოლიდური სხვაობით 83:113 დამარცხდა.

ვიტორიული კლუბისადმი კი ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის მიზეზს, რა თქმა უნდა, „ბასკონიას“ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა, საქართელოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია წარმოადგენს. მეტიც – ის გუნდის კაპიტანია და ამითაც ნათლად ჩანს თუ როგორ ენდობიან, ეიმედებათ და პატივს ცემენ ჩვენებურს.

„მაკაბისთან“ დაპირისპირებაშიც შენგელიამ იფრინა და პარკეტზე სასწაულები მოახდინა, მაგრამ სამწუხაროდ მისი გარჯა მაინც ვერ დაფასდა და გუნდმა მტკივნეული მარცხი იწვნია.

შენგელიამ პარკეტზე 36 წუთზე მეტი დაჰყო და მეტოქის კალათიც ყველა წერტილიდან დაბომბა. მის ანგარიშზე 31 ქულა იყო, რაც ევროლიგაში მართლაც ფანტასტიური შედეგია. ცხადია, ეს მაჩვენებელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და დიდია შანსი, ქართველ კალათბურთელ ევროლიგის მე-8 ტურის უძვირფასესი მოთამაშის წოდება მიანიჭონ. სოლიდური ქულების მარაგთან ერთად, შენგელიამ 8 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა.

თორნიკე შენგელიასთვის 31 ქულა ბასკონიას მაისურით სარეკორდო მაჩვენებელია, მისი გუნდი კი ევროლიგის 18 გუნდიან სატურნირო ცხრილში 3 მოგებით მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, „ბასკონია“ 20 ნოემბერს, ისევ შინ ცეესკასთან გამართავს.