საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ პირველი მარცხი იწვნია. ეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოხდა, სადაც მასპინძელმა, ხელბურთის კლუბმა „ქუთაისმა” ბოლო წუთზე გამოგლიჯა შავი ზღვის ბიჭებს ხელიდან ორი ქულა: 32:31.

BSB და „ქუთაისი” ერთი თვის წინ, ქვეყნის თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბათუმელებმა იოლად აჯობეს მეტოქეს 27:20. დღესაც, დასაწყისში, უპირატესობა ჩემპიონებმა ჩაიგდეს ხელთ, 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მდგომარეობა წუთშესვენების შემდეგ გამოასწორეს – 9:9. პირველი ტაიმი რიონისპირელებმა მოიგეს 14:13.

დრამატულ მეორე ტაიმში კვლავ BSB დაწინაურდა – 19:16, მაგრამ ანგარიში ისევ გაიქვითა – 24:24. ჩემპიონი არ შეეგუა ბედს, ისევ წინ გავიდა – 28:24, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე მაინც 28:28 იყო. BSB-მ ერთხელაც მოიკიბა ძალა – 31:28, თუმცა ეს დღე ქუთაისელების გახლდათ. თამაში მათ სასარგებლოდ დამთავრდა 32:31.

მეორე შეხვედრაში „სამტრედიამ” წყალტუბოს „პრომეთეს” 28:23 მოუგო.

ჩემპიონატი შარშანდელისგან ოდნავ შეცვლილი ფორმატით გაგრძელდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი – ოთხდღიანი, 16-მატჩიანი ტური დაიყოფა ოთხ ნაწილად. თითოში გაიმართება 4-4 მატჩი. უახლოესი თამაშები გაიმართება 26 და 27 ნოემბერს თბილისში, მანამდე კი საქართველოს ნაკრების ის ხელბურთელები, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ  იანვრის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონაატების მატჩების წინ პირველ საწვრთნელ შეკრებას გამართავენ.

ქუთაისი 3 3 0 0 121-84 6
  პეგასი 3 3 0 0 100-79 6
  BSB ბათუმი 3 2 0 1 101-77 4
  იმედი სტუ 3 2 0 1 67-55 4
  გორი 3 1 0 2 78-85 2
  სამტრედია 3 1 0 2 78-102 2
  სპორტუნი 3 0 0 3 95-121 0
  წყალტუბო 3 0 0 3 71-108 0