რაჰიმ სტერლინგი დასაჯეს. ის მონტენეგროსთონ ვერ ითამაშებს. ის კი არა, „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი ინგლისის ნაკრების ბანაკიდან კინაღამ სულ გააგდეს. მიზეზი: სტერლინგი ლივერპულელ ჯო გომესს ეჩხუბა. გაოგნებულ თანაგუნდელებს წყვილი გასაშველებელი გაუხდათ.
ამის წაკითხვაზე პირველი რაც კაცს გაახსენდება ამავე ფეხბურთელების ის დაპირისპირებაა, სანაკრებო თავშეყრამდე რამდენიმე საათაით ადრე „ენფილდ როუდზე” რომ მოუვიდათ — მათი გუნდების, „ლივერპულისა” და „სიტის” შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა 3:1.
„დეილი მეილი” წერს, რომ სტერლინგი გომესს სასადილოში შესვლისთანავე მივარდა და საყელოში წვდა. უფრო სწორად, თურმე ის მაგიდასთან ჯდებოდა, როდესაც ლივერპულელი ხელის ჩამოსართმევად მისულა, მერე კი სიტყვა სიტყვას მოჰყოლია და გაწევ-გამოწევაც ამტყდარა. სასადილოში მყოფ დანარჩენ ფეხბურთელებს თავიდან ჰგონებიათ, რომ ბიჭები ხუმრობდნენ, მაგრამ როდესაც მიმხვდარან, რომ „ქალაქელი” და მერსისაიდელი ერთმანეთისთვის ცხვირის დანაყვას იწყებენ, ჩარეულან.
„მეილი” წერს, გასაგებია, რომ სიფიცხე „ლივერპულის” „სიტისთან” გამარჯვებაზე მოუზომელ ნათქვამს მოჰყვაო.
ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ახლა თავსატეხის წინაშეა. რად უნდა ლაპარაკი, რომ ინციდენტმა მას გეგმები აურია. ბანაკის სხვა ლივერპულელები კი თურმე გაოცებით მხრებს იჩეჩავენ, ასეთს ვერაფერს წარმოვიდგენდითო.
შემდეგ შედგა გუნდის საგანგებო სხდომა, სადაც რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან თამაშიდან გაათავისუფლეს.
სტერლინგმა გომესს პირადად მოუხადა ბოდიში და მადლობა უთხრა დანარჩენ ბიჭებს, რომლებმაც შეკრებიდან გაძევებისგან იხსნენს.
საუთგეიტმა სასჯელი საკმარისად მიიჩნია. მან თქვა, მართალია ფეხბურთელებს ნაკრებში საკლუბო დაპირისპირებები არ უნდა მოჰქონდეთ, მაგრამ „ლივერპულისა” და „სიტის” თამაში გუშინ იყო და ოხშივარმა გაგრილება ვერ მოასწროო.
მოგვიანებით რაჰიმ სტერლინგმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ის და ჯო გომესი სპორტსმენები არიან, სპორტი კი ემოციებთან არის დაკავშირებული. ყველაფერი 10-15 წამი გაგრძელდა, შემდეგ ორივე გონს მოვეგეთო.
„ახლა კი მოდი ხუთშაბათის თამაშზე გადავერთოთ”, — ასე დაასრულა მან.
ინგლისის ნაკრები მონტენეგროსა და კოსოვოსთან შესახვედრად ემზადება.