მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა – ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ.
ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც მოახლოვდა – დამდეგ უქმეებზე EPCR (ევროპის პროფესიულ სარაგბო კლუბთა გაერთიანება) სტარტს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაპის (გამოწვევის თასის) გათამაშებებს მისცემს.
ორივე ტურნირში 20-20 მონაწილეა, რომლებიც 5 ოთხგუნდა ჯგუფშიი არიან გადანაწილებულნი.
რაღა თქმა უნდა, ჩვენ ქართველების ამბავი გვადარდებს და გეტყვით, რომ ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლაში ჩაბმულ 4 ფრანგულ კლუბის სატურნირო განაცხადში ჩვენი თანამემამულეები ფიგურირებენ.
მაშ, ვის უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება?
კერძოდ, 1 ჯგუფში ინგლისურ „ნორთჰემპტონთან“, ირლანდიურ „ლენსტერსა“ და იტალიურ „ბენეტონთან“ ერთად ფრანგული „ლიონიც“ იბრძოლებს, რომელიც დღესდღეობით საფრანგეთის ტოპ 14-ს დამაჯერებლად ლიდერობს. ლიონელთა განაცხადშია 24 წლის ბორჯღალოსანი კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.
მე-3 ჯგუფში ორ ინგლისურ კლუბს – „ბათსა“ და „ჰარლიქუინზს“, ასევე ირლანდიურ „ალსტერს“ კონკურენციას ფრანგული „კლერმონი“ გაუწევს, რომლის ღირსებასაც ამ ტურნირზე ორი ქართველი ბურჯი დაიცავს – 24 წლის ბექა კაკაბაძე და „ვულკანების“ ცოცხალ ლეგენდად აღიარებული 36 წლის ექს-ბორჯღალოსანი დავით ზირაქაშვილი.
მე- 4 ჯგუფში მოხვედრილ პარიზის „რასინგს“ კი აშკარად არ გაუმართლა. თუკი უელსური „ოსპრეიზი“ არაა მაინცდამაინც მრისხანე მეტოქე, ჩემპიონთა თასის მოქმედი მფლობელი, ინგლისური „სარასენსი“ და ფინალისტი, ირლანდიური „მანსტერი“ ევროპული საკლუბო რაგბის უპირველესი გრანდები არიან. პარიზელთა განაცხადში ასევე ორი ქართველი ბურჯია – 29 წლის ექს-ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი და მსოფლიო თასიდან ახალდაბრუნებული 21 წლის გურამ გოგიჩაშვილი.
დაბოლოს, მე-5 ჯგუფი და ქართველების „მონპელიე“. ამ გუნდს კონკურენციას გაუწევენ ირლანდიური „კო ნახტი“, ინგლისური „გლოსტერი“ და საფრანგეთის ჩემპიონი „ტულუზი“. „მონპელიეს“ საჩემპიონთათასო შემადგენლობაში კი ერთბაშად 4 ქართველია: საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, 29 წლის მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ასევე მოქმედი ბორჯღალოსანი მარჯვენა ბურჯი, 28 წლის ლევან ჩილაჩავა, საქართველოს ნაკრების 28 წლის მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე და 21 წლის ბორჯღალოსანი 9 ნომერი გელა აფრასიძე.
მე- 2 ჯგუფში ბრძოლა ქართველების გარეშე ჩაივლის და მასში ორი ინგლისური კლუბი – „ექსეტერი“ და „სეილ შარქსი“, ასევე შოტლანდიური „გლაზგო უორიორზი“ და ფრანგული „ლა როშელი“. ცნობისთვის, ამ უკანასკნელში შერკინების მწვრთნელად ექს-ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე მუშაობს.
მეოთხედფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და 5 მეორეადგილოსნიდან საუკეთესო სამი კლუბი გავა.
ჩელენჯ კაპზე „ქართული“ კლუბების გეოგრაფია უფრო მრავალფეროვანია. ფრანგული კლუბების გარდა ჩვენს თანამემამულეებს ინგლისურ და რუსულ კლუბშიც წააწყდებით. კერძოდ, 1 ჯგუფში იბრძოლებენ ფრანგული „კასტრი“, უელსური „დრაგონსი“, ინგლისური „ვუსტერი“ და რუსეთის ჩემპიონი „ენისეი“. ჰოდა, ამ უკანასკნელის განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა. კრასნოიარსკულ კლუბში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ცენტურიონი შუამარბი დავით კაჭარავაა, მსოფლიო თასზე წასულ ნაკრებში ვერმოხვედრილი მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, 20-წლამდელთა ყოფილი წევრი, გარემარბი დავით მესხი, ასევე გამოცდილი კვაჭი რობერტ სუთიძე და მესამეხაზელი ნიკოლოზ სუხაშვილი.
მე-2 ჯგუფში უელსური „სკარლეთსი“, ინგლისური „ლონდონ აირიში“ და ორი ფრანგული კლუბი – „ტულონი“ და „ბაიონი“ შეიკრიბნენ. ცხადია, ტულონელთა განაცხადშია ლეგენდარული მამუკა გორგოძე, ბორჯღალოსანი ბურჯი ბექა გიგაშვილი და მისი უმცროსი თანაამპლუელი ლუკა ჭელიძეც, რომელიც 20-წლამდელთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. „ბაიონში“ კი ერთბაშად ორი 19 წლის მორაგბეა – მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე და ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი.
მე-3 ჯგუფში კი ერთბაშად 3 „ქართული“ კლუბია. ფრანგულ „აჟენში“ მსოფლიო თასს მიღმა დარჩენილი ბურჯი გიორგი თეთრაშვილია, თანაც ამ კლუბის შერკინებას კიდევ ერთი ყოფილი ბორჯღალოსანი გოდერძი შველიძე წვრთნის; ასევე ფრანგულ „ბორდოში“ – არიან ბურჯები ლექსო ყაულაშვილი და ლაშა ტაბიძე, მათთან ერთად – ნაკრების 8 ნომერი ბექა გორგაძე, ხოლო ინგლისურ „უოსპსში“ – ნაკრებში ვერმოხვედრილი კიდევ ერთი ბურჯი ზურაბ ჟვანია. მე- 4 ჯგუფში ინგლისურ „ბრისტოლ ბერსთან“ და იტალიურ „ძებრესთან“ ერთად ორი ფრანგული კლუბი მოხვდა – „ბრივი“ და „სტად ფრანსე“. პირველ მათგანში 8 (!) ქართველია: ბურჯები კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მესამეხაზელები ოთარ გიორგაძე და ირაკლი ცხადაძე, 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე. ერთი ქვეყნის წარმომადგენელ ლეგიონერთა ასეთი რაოდენობა ტურნირის არცერთ სხვა გუნდში არაა. რაც შეეხება „სტად ფრანსეს“, პარიზული გუნდის განაცხადში ორი ქართველია – ნაკრების ბურჯი გორგი მელიქიძე და მისი ახალგაზრდა კოლეგა ხვიჩა ცოფურაშვილი.
მე-5 ჯგუფში არიან უელსური „კარდიფ ბლუზი“, ინგლისური „ლესტერ ტაიგერსი“, იტალიური „კალვიზანო“ და ფრანგული „პო“, რომელშიც ახალგაზრდა ბურჯი ომარ ოდიშვილი ირიცხება.
მოკლედ, ევროთასებზე ქართველების არნახული სიუხვეა, თუმცა განაცხადში მოხვედრა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მოუწევს თამაში. ყველაფერი სიტუაციაზე და მწვრთნელის ნებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ასეა თუ ისე, წლევანდელ სარაგბო ევროთასებს განსაკუთრებული ინტერესით დავაკვიდებით.