მას ყველაფერი ეპატიება. გვეეჭვება, „იუვენტუსის“ სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს მსგავსი საქციელი შერჩენოდა და მის მიმართ რაიმე სახის სანქციების არ გაეტარებინათ, მაგრამ ეს ხომ კრიშტიანუ რონალდუა – თანამედროვეობის და არა მხოლოდ სუპერვარსკვლავი.

მეტიც – სასჯელს ვინ დაეძებს, პორტუგალიელ ფორვარდს იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იქეთ მადლობაც გადაუხადა: „ჩვენ მისი მადლიერნი ვართ და მადლობა ეკუთვნის, რადგან ტკივილების მიუხედავად მოედანზე გასვლას მაინც დათანხმდა. თავადაც ხვდება რომ სათანადო ფორმაში არ იმყოფება. წინა თვეში მან მუხლზე მცირე მიკროტრავმა მიიღო და ამის გამო ღელავს. ის ჯერ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და ნატკენი ფეხი თავს ისევ ახსენებს, მაგრამ გუნდის ინტერესები რონალდუსთვის უმთავრესია და ამიტომაც თამაშზე უარი არ უთქვამს,“ – თქვა მედიასთან საუბარში ტურინელთა თავკაცმა.

არადა, ტელეეკრანებზე ყველაფერი სულ სხვანაირად გამოჩნდა. აშკარაა, რომ რონალდუ და სარი ერთმანეთს კატა-თაგვობანას ეთამაშებიან. ბოლო პერიოდში, კრიშტიანუს მწვრთნელთან დამოკიდებულება ისეც კარგად ჩანს.

სერია A-ს მორიგ ტურში, „მილანთან“ დაპირისპირებისას რონალდუმ სარისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გამოხატა, თუმცა მისი შემდგომი საქციელი უკვე აღარ ჰგავდა მხოლოდ მწვრთნელთან კონფლიქტს. ის, რომ მან მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელში წავიდა ერთია, მაგრამ იქიდან ტრიბუნებზე დაბრუნება აღარც უფიქრია და სახლისკენ ისე მოკურცხლა, მატჩის დამთავრებას არ დაელოდა. ეგ კი არა, იტალიელი ჟურნალისტები ამბობენ, გასახდელისკენ გზად რონალდუმ სარის, ნაბიჭვაროო, მიაძახა.

„იუვენტუსმა“ „მილანს“ 1:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ერთადერთი გოლი კი პაოლო დიბალამ გაიტანა, რომელმაც 55-ე წუთზე სწორედ რონალდუ შეცვალა. პორტუგალიელის გაღიზიანების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მან მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მოედნიდან გასვლა იუკადრისა და პროტესტიც ამ ფორმით გამოხატა.

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 34 წლის ფორვარდს უსაქციელობა აპატია. არადა, მატჩის ნაადრევად დატოვებისთვის კლუბში სოლიდური ჯარიმაა გათვალისწინებული.

ისე ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც რონალდუმ თავისი ხასიათი უარყოფითი კუთხით გამოავლინა. ახლახანს, მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლოკომოტივთან“ დაპირისპირების დროს სარიმ რონალდუ მეორე ტაიმში შეცვალა და პორტუგალიელმაც ამის გამო ბრაზი ვერ დამალა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ გასახდელში არ გაუჩინარდა და სათადარიგო სკამზე თანაგუნდელების გვერდით დაჯდა.