პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 35 წლის ვიტოლდ ბანკა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად დაამტკიცა.
WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, მსოფლიოს ანტისადოპინგო კონფერენციაზე მიიღო. ბანკა საქმეს ოფიციალურად შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან.
აღსანიშნავია, რომ ვიტოლდ ბანკა WADA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე უალტერნატივო კანდიდატურა იყო. წლეულს იანვარში მას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ, მაისში კი სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებმა.
WADA-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი ყოფილი მძლეოსანია, მისი საუკეთესო შედეგი 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 4X400-ზე ესტაფეტაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი გახლავთ.
ვიტოლდ ბანკა პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრად დაინიშნა 2015 წელს. მისი საპრეზიდენტო მანდატი სამ წელიწადს ითვალისწინებს, რის შემდეგაც კიდევ ერთი ვადით შეეძლება კენჭისყრა, როგორც ეს გააკეთა სააგენტოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, 78 წლის შოტლანდიელმა კრეიგ რიდიმ. ბრიტანელს, რომელიც WADA-ს პრეზიდენტია 2014 წლიდან, უფლებამოსილება 2019 წლის 31 დეკემბერს ეწურება.
WADA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს შორტ-ტრეკში სოლტ ლეიკ სიტის 2002 წლის ოლიმპიური თამაშების ორგზის და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, 43 წლის ჩინელი იანი იანი.