ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძე პირადი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. თუ მანამდე საქმე პარკეტზე გატარებულ დროს ეხებოდა, ამჯერად ჩვენებურმა ქულათა მარაგს უმატა.
„ინდიანა პეისერსის“ 20 წლის ქართველმა ცეტრმა „ვაშინგტონთან“ დაპირისპირებაში 20 წუთი ითამაშა, რაც „შარლოტასთან“ წინა მატჩთან შედარებით 12 წუთით ნაკლებია, სამაგიეროდ მეტოქის კალათს ნაყოფიერად უტევდა და 13 ქულაც მოინადავლა. ამ მაჩვენებლით მან პირადი რეკორდი დააფიქსირა, გვჯერა, მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება მოხსნა-დაფარებებს, ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ კომპონენტში გოგა ვეღარ გამოირჩა.
ბითაძის მიერ „ვაშინგტონის“ კალათში ჩაგდებული 13 ქულიდან ორქულიანების გარდა სამქულიანიც იყო, საჯარიმოს ხაზზე კი ის 8-ჯერ დადგა (6 ჩააგდო), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ცენტრი სამწამიან ზონაში მეტად აქტიური იყო.
ზედიზედ ორჯერ სასტარტო ხუთეულში მოხვედრის შემდეგ „ვაშინგტონთან“ დაპირისპირებაში, რომელიც „ინდიანამ“ 121:106 მოიგო, ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ გუნდის კიდევ ერთი ცენტრი დომანტას საბონისი მცირე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და მწვრთნელმაც თამაში მას დააწყებინა.
ეს „ინდიანას“ მე-4 გამარჯვება გახლდათ და ამ შედეგით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა დამკვიდრდა. მომდევნო მატჩს კი „ინდიანა“ შინ „დეტროიტთან“ 9 ნოემბერს გამართავს.