ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო.
მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით.
ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა მეორე ჭაბუკი, რომელმაც ერთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდა მხოლოდ რაული იყო.
ელვა როდრიგოს „სანტოსში” შეარქვეს.
ახლა ყმაწვილკაცის კიდევ ერთ მიღწევაზე მოგახსენებთ: „ლოს ბლანკოსში” გადასვლიდან ასე მალე ჰეთ-თრიქი მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს შეუსრულებია. როდრიგო აქაც მეორეა, ლეგენდის შემდეგ.
ბრაზილიელის შესანიშნავი თამაშის გამო გარეთ ბეილის, ლუკას ვასკესის, ვინისიუსის, ხამეს როდრიგესისა და ლუკა იოვიჩის გვარების გასწვრივ კითხვისნიშნები გამოჩნდა. ჩამოთვლილთათვის „რეალის” ძირითადში მოხვედრა ამიერიდან უფრო ძნელი იქნება.
და ბოლოს: შემდეგ კვირაში როდრიგო ბრაზილიის ნაკრებში თავის პირველ თამაშს ჩაატარებს…