იაპონიაში ახლახანს დასრულებულ რაგბის მსოფლიო თასზე ჩემპიონობა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიპოვა. შავი კონტინენტის წარმომადგენლებმა, ფინალურ დაპირისპირებაში ინგლისის საკმაოდ ძლიერ და სიმპათიურ გუნდს აკადემიურ სტილში აჯობეს და გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს.

რაგბის თავგადაკლულ ქომაგს არა, მაგრამ ბევრს შესაძლოა ეგონოს, რომ ოვალური ბურთის ამ მართლაც ვაჟკაცურ სათამაშო სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ასე არ არის. რაც უნდა გასაკვირი იყოს, რაგბში მსოფლიო ჩემპიონატების ათვლა 1987 წლიდან იწყება და წლეულს ის ოდენ მეცხრედ გაიმართა. სამხრეთ აფრიკამ კი სანუკვარი ჯილდო მეორედ მოიგო. პირველად მათ პლანეტის უძლიერესი გუნდის წოდება 1995 წელს,  შინაურ კედლებში მოიპოვეს.

აი, როგორ გამოეხმაურა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მსოფლიო თასზე ტრიუმფს.

„გამარჯობა სია. როჯერი თქვენს გვერდითაა, არ შემიძლია, რომ ძალიან ბედნიერი არ ვიყო, შენი და გუნდის ამ უდიდესი წარმატებით. ეს იყო ერთ მუშტად შეკრული გუნდის  საოცარი გამარჯვება. თქვენ, მთელი ტურნირის მანძილზე  შესანიშნავები იყავით. ყველამ ერთად  დიდი დრო გაატარეთ და ყველაფერი საოცარი გამარჯვებით დაასრულეთ. მე თქვენს თამაშებს ვუყურებდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედია მალე შევხვდებით. საუკეთესოები ხართ,“ – ეს როჯერ ფედერერის სიტყვებია, ხოლო ადრესატი სია კოლისია, სამხრეთ აფრიკელთა ნაკრების კაპიტანი.

თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ ჩოგბურთის მაესტროს დედა სამხრეთაფრიკელი ჰყავს, თავად კი შვეიცარიის გარდა ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. ამიტომაც, იოლი მისახვედრი უნდა იყოს თუ ვის და რატომ ქომაგობდა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ რაგბის მსოფლიო თასზე 38 წლის ვეტერანი.

ფედერერის მილოცვას გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდიც და როჯერს, გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.