ტოტენჰემელი სონი ევერტონელ ანდრე გომეშს ბურთის წასართმევად ჩაუხტა. ამ ეპიზოდში პორტუგალიელი ისე დაშავდა, რომ სონი თავად დაიზაფრა.
სამხრეთ კორეელმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მისთვის ეს მთავარი სასჯელი არ იყო. მთავარი შოკი გახლდათ, რომელიც სონმა დაშავებული გომეშის დანახვაზე განიცადა. ტრავმირებულ ნახევარმცველს, ცხადია, დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როდესაც პორტუგალიელი მოედნიდან გაყავდათ, „გუდისონ პარკი” ტაშს უკრავდა.
ვეტერანმა ჯეიმი კარაგერმა ეპიზოდის კომენტირებისას თქვა, რომ მისი აზრით სონი წითელ ბარათს არ იმსახურებდა:
„ეს არ იყო საწითლე ეპიზოდი. სონი მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევას ცდილობდა, გომეშის ფეხი კი კოჭი ცუდად მოჰყვა. შემდეგ პორტუგალიელს ორიე ეჯახება, მაგრამ ტრავმა მისი ბრალიც არ ყოფილა”.
ამ დროისთვის ანგარიში იყო 1:0 „სფურზის” სასარგებლოდ. „ევერტონმა” 90+7 წუთზე გაათანაბრა. გოლი თურქმა ჩენქ თოსუნმა ეფექტური თაურით შეაგდო.
შოტლანდიელმა ვეტერანმა და ექსპერტმა პატ ნევინმა BBC Radio 5Live-ში საუბრისას თქვა:
„რამდენადაც მე ვხედავ, გომეშის დაშავებას სერჟ ორიესაც ვერ დავაბრალებთ. დიახ, სონი გომეშთან გააზრებულად შედის ორთაბრძოლაში, მაგრამ ტრავმა მისი გამოწვეული არ უნდა იყოს. შემდეგ გომეში ორიეს შეასკდა. ჯამში, თქმა იმისა, რომ პორტუგალიელი 100 პროცენტით სონმა დააშავა, არ შეიძლება. სონი ის კაცი არ არის, მეტოქეებს ძვლებს რომ უმტვრევდეს. სოციალურ მედიაში ერთი ამბავი ატყდა, კორეელი კი ასეთ აგრესიას არ იმსახურებს. ის თავად დაზაფრულია. ეპიზოდი მან გამოიწვია, მაგრამ გომეშის ტრავმა მისი ბრალი არ ყოფილა. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე”.
„სპურზის” გოლის ავტორმა დელე ალიმ „სქაი სპორტთან” მატჩისშემდგომ კომენტარში თქვა: „არც კი მინდა ვნახო რა მოხდა. უბრალოდ, გომეშს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სონი განადგურებულია. ტირის. ტრავმა მისი ბრალი არ ყოფილა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია. ზის და ტირის. თავს არ წევს ზემოთ”.
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კი „ევერტონის” კაპიტანს სიმუს კოულმენს მოუწონა საქციელი — კოულმენმა სონი დაამშვიდა, რაც კადრებში კარგად ჩანს.
„და რასაკვირველია, გომეშს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, — დასძინა არგენტინელმა.