ესეც ასე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გოგა ბითაძე ნბა-ს სწრაფად გაუშინაურდა, ბოძებულ შანსაც კარგად იყენებს და რაც მთავარია „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბი მას ენდობა.
ჩვენებურმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახლადდაწყებულ სეზონში ინდიანაპოლისელთა რიგებში უკვე მეოთხედ ითამაშა და თავი არც ამჯერად შეურცხვენია. თუ წინა შემთხვევებში ქართველი კალათბურთელი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, ამჯერად ის სასტარტო ხუთეულში იყო. ეს კი „ჩიკაგო ბულსთან“ მატჩში მოხდა, რომელშიც გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერით შეგულიანებულმა „ინდიანამ“ შინაურ კედლებში 108:95 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრი მატჩში თავიდანვე ჩაერთო და ჯამში 19 წუთამდე ითამაშა. ბითაძეს სავარაუდოდ მეტი სათამაშო დროც მიეცემოდა, რომ არა პერსონალური ჯარიმები, რომლითაც ქართველი სწრაფადვე დაიტვირთა და ამის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
არასრულ 19 წუთში გოგა ბითაძემ 9 ქულის, 4-4 მოხსნა-დაფარების და 3 შედეგიანი პასის გადაცემა მოასწრო. გოგამ „ჩიკაგოსთან“ ორქულიანების გარდა, სამქუიანის ჩაგდებაც მოახერხა.
სეზონის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ „ინდიანამ“ ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 6 ნოემბერს, სტუმრად, „შარლოტთან“ გამართავს.