ამბობენ, რომ კრივი ვერაგი, საშიში და დაუნდობელი სპორტია. იმასაც ამბობენ, რომ მისი სადავეები არათუ უბრალოდ ჯენტლმენებს, არამედ ტყიდან გამოვარდნილ მხეცებს, ნაყაჩაღარ ელემენტებს და ქუჩისპირებზე გაზრდილ ნაძირალებს უპყრიათ ხელთო.

ამის მაგალითად ობერთაღლითი დონ კინგი მოჰყავთ და ამბობენ, დონი ქუჩურ, ძველბიჭურ ინსტინქტებს ნერგავს კრივში, სავსებით ნორმალური მოკრივენი იდიოტებად და ნადირებად გამოჰყავს ხალხში, რათა მაყურებელმა ადამიანური ვერაფერი შენიშნოს მათში და მხოლოდ მუშტის გამოკრეტინებულ მანქანად, დაუნდობლებლად წარმოადგინოს ისინიო.

რამდენიც არ უნდა იძახონ ასე, მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები. დონ კინგი ლუციფერი როდია, რომ ადამიანები ურჩხულებად აქციოს. დონ კინგი ერთი ფულის მკეთებელი კაცია და ცდილობს მავანის მუშტის წყალობით ბევრზე ბევრი დოლარი მოიხვეჭოს. დიდი მოკრივენი კი ყოველთვის ქუჩიდან, გარეუბნის კედლებდაბზარული სახლებიდან მოჰყავდათ რინგზე და ისინი ქუჩის ბიჭებადვე რჩებოდნენ – გინდ ახლანდელი კრივის დიდმოხელე ფლოიდ პატერსონი (ძველი ჩემპიონი) აიღეთ, გინდ მღვდელი ჯორჯ ფორმენი. მთელს ამ კოჰორტაში გამონაკლისი მხოლოდ ჯიმ ტანი იყო, რომელმაც წიგნებიც თავისი ხელით დაწერა და საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობა მოახერხა.

დიახ, კრივს იშვიათად ჰყავდა რაინდები, უმწიკვლო ბიოგრაფიისა და რეპუტაციის მებრძოლები, მაგრამ ვაჟკაცები არასოდეს აკლდა.

ამას რომ თავი დავანებოთ, „ვერაგი, საშიში და დაუნდობელი“ კრივი, სპორტის იმგვარი სახეობაა, რომელიც უაღრესი სიმკვეთრით აჩვენებს ადამიანის ხასიათს.

ის, რაც ლას-ვეგასში დატრიალდა, სწორედ ადამიანის ხასიათის წყალობით მოხდა. ევანდერ ჰოლიფილდმა „რკინის მაიკი“ გალახა. 1-15-ზე: ასე აფასებდნენ მის შანსს ბრძოლის წინ, რადგან ჰოლიფილდს უკვე კარგა ხნის წინ გაევლო თავისი კარიერის ოქროს ხანა და ნევადის ათლეტურ კომისიას ლამის წელიწადს ეხვეწებოდა, ჯანმრთელობის ცნობა მომეცით, რათა რინგზე გასვლა შევძლოო.

ჰოლიფილდი იმდენს და იმდაგვარი მონდომებით ლოცულობდა, რომ მას დასცინეს კიდეც, როგორ ჩანს, ღმერთს იმას შესთხოვს, ცოცხალი გადამარჩინეო.

სინამდვილეში კი რა მოხდა?

რომ არ იყოს ტაისონის და ჰოლიფილდის განვლილი წლები, მათი განსხვავებული ასაკი და ტაისონის ელვისებური ნოკაუტები, კაცი იფიქრებდა, რომ ჰოლიფილდი ყველა დროის ათ საუკეთესო მძიმეწონოსანთა რიცხვშიაო.

ასე კი, არ არის. ევანდერი დიახაც რომ დიდოსტატი მოკრივეა, მაგრამ მას არ ჰქონია განსაკუთრებული კარიერა. ჩვენი დროის კრივში კი ორგზის ჩემპიონობა ხშირად კადრებაზეა ხოლმე. თუ იკადრებ, ფორმენის არ იყოს, რაღაც ასოციაციას მოძებნი და ქამარსაც შემოირტყამ წელზე.

ტაისონ – ჰოლიფილდის ჩხუბში, ატლანტელმა მოხუცმა უპირველესად ხასიათით იმარჯვა. ჩერჩეტი და გენიალური მუშტის პატრონი ტაისონი, ხშირად გუნებაამღვრეული და დეზორიენტირებული, შეეჯახა კაცს, რომლის 35-ვე ბრძოლა ნანახი და შესწავლილი ჰქონდა. მაგრამ სხვა არის, როცა რინგზე აღმოაჩენ შენს მოწინააღმდეგეს – უშიშარ, მოქნილ, ფრთხილ, ზუსტ, მოხერხებულ, ეშმაკ და რწმენით აღსავსე გამძლე ვინმეს.

ბრძოლის მსვლელობისას კარგად ჩანდა ხოლმე ტაისონის ოდნავ გაოცებული, დაბნეული სახე. ჰოლიფილდი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ერთი სული აქვს, ჩხუბი როდის დამთავრდება და გამარჯვებას როდის მიულოცავენო.

თორემ იმ დონეზე, ეს ორი კაცი რომ ჩხუბობს, ოსტატობაში ხინჯის პოვნა ძნელია, შეიძლება მოწინააღმდეგეს ტაქტიკით აჯობო, მაგრამ თუ ამან არ გაამართლა, ხასიათიდღა.

16.11.1996

 

წილი
წინა სტატიაგოგამ იფრინა
შემდეგი სტატიამატეომ დახურა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.