ინგლისის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ოუენ ფარელი შეიძლებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე გამხდარიყო.

დღეს ფარელი 28 წლისაა, მაგრამ როდესაც ცამეტისა იყო, „იუნაიტედში” გასინჯეს.

რიჩარდ ჰერტისი, რომელიც ახლა მანჩესტერელთა მთავარი გუნდის მეკარეებს წვრთნის, ვარაუდობს, რომ ინგლისური რაგბის ვარსკვლავი „ოლდ ტრეფორდსაც” შესანიშნავად მოერგებოდა.

ჰერტისი იგონებს: „ოუენი შთამბეჭდავი ბავშვი იყო. მასთან რამდენიმეწუთიანი ნაცნობობაც საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყავი რამდენად მობილიზებულ ადამიანთან გქონდა საქმე. დაბეჯითებით თქმა, თუ როგორი კარიერა ექნებოდა მეკარე რომ გამხდარიყო ძნელია, რადგან ჩვენთან სულ ორიოდ თვე გაატარა, მაგრამ მისი დატოვება რომ გვინდოდა, ფაქტია. მაღალი კლასის სპორტსმენებს განსხვავებული აურა აქვთ. მათი ამოცნობა ადვილია”.

და რას ამბობს თავად ფარელი? 2012 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა:

„ცოტა ხნით „მანჩესტერ იუნაიტედში” მსინჯავდნენ. ვერ გეტყვით, რომ ჩინებული მეკარე ვიყავი, უბრალოდ ვსწავლობდი”.

„მანჩესტერ იუნაიტედს” ოუენ ფარელის გასინჯვა ქალაქ უიგანის ჯონ ფიშერის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ჯონათან ჰილმა ურჩია.

„დიდი ფეხბურთის ავან-ჩავანი კარგად ვიცი. ერთხელ ვნახე როგორ იდგა ოუენი კარში და შევამჩნიე, რომ თამაში დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა: ხალხს თავგამოდებით უხტებოდა ფეხებში, ბურთს გატაცებით იგერიებდა, ანაწილებდა აქეთ-იქით და სხვა. ამიტომაც დავურეკე რიჩარდ ჰერტისს.

ვიცოდი, რომ ოუენს „უიგანის” რაგბის კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ფეხბურთის მეკარის გამოკვეთილი თვისებებიც ჰქონდა: ფეხით კარგად არტყამდა, ხელით ჩინებულად თამაშობდა, მაღლა ხტებოდა, ბურთს გააზრებულად იგერიებდა. ვიცი, რომ მორაგბეები ფეხბურთში იშვიათად გადადიან, მაგრამ ოუენი უნივერსალური სპორტსმენი ჩანდა და ბედიც ამიტომ ვცადე”.