კარგი დღეები არ უდგას „გოლდენ სტეიტს“. გუნდი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველას შიშის ზარს სცემდა და ობიექტურ მიზეზთა გამო ქომაგები ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად გაიჩინა… საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ზაზა ფაჩულია ხომ სწორედ სან-ფრანცისკოს კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ზედიზედ ორჯერ ოქროს ბეჭედიც მოიგო.

ამ სეზონში კი მრისხანე „გოლდენ სტეიტი“ დაბეჩავებულად გამოიყურება, რაზეც საწყის 4 ტურში მხოლოდ ერთი მოგება მეტყველებს… ნბა-ს შარშანდელი ფინალისტი საკუთარ თავს არ ჰგავს და ჩემპიონობას ვინ ჩივის, თუ ასე გააგრძელეს შესაძლოა ფლეიოფში გასვლაც სანატრელი გაუხდეთ. მეოთხე ტურში კი გუნდის გულშემატკივრება ორმაგი იმედგაცრუება იწვნიეს. გარდა იმისა, რომ მათი საყვარელი გუნდი შინ „ფენიქსთან“ დამარცხდა (110:121), სან-ფრანცისკოელთა ლიდერი სტეფ კარიც მძიმედ დაშავდა.

ნბა-ს სამგზის ჩემპიონი (2015, 2017, 2018) და ორჯერ საუკეთესო კალათბურთელად დასახელებულმა სტეფ კარიმ მარცხენა ხელის ძვალი მოიტეხა. ინციდენტი მესამე პერიოდში მოხდა, როდესაც „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სამწამიან ზონაში შეიჭრა და ბურთის კალათში მოთავსებას ცდილობდა რა დროსაც ჰაერში მყოფი მეტოქე კალათბურთელს არონ ბენსს შეეჯახა და პარკეტზე უხერხულად დაეცა. ვითარება კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ სტეფს „ფენიქსელთა“ კალათბურთელიც ზედ დაემხო, დაცემისას საკუთარი და ბენსის წონის სიმძიმეც მარცხენა ხელმა მიიღო და ძვალმაც ვეღარ გაუძლო. სტეფ კარის თაბაშირით სიარული 5 კვირა მოუწევს და უმალ პარკეტს ვერც მერე დაუბრუნდება, რადგან სწრაფადვე სრული დატვირთვით ვარჯიში და მით უფრო თამაშის უფლებას, ექიმები არ დაანებებენ. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესი დროს მოითხოვს.

მოკლედ, ქვა აღმართში დაეწიაო, ისეა „გოლდენ სტეიტის“ საქმე. გუნდმა, კევინ დურანტის შემდეგ, დიდი ხნით კიდევ ერთი ლიდერი მოისაკლისა.