უტევს მედეა ჩოხელი

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიურ კლუბ „კუმანოვოში” წარმატებით გამოდის. ის ხაზის მოთამაშე ანუ ეგრეთწოდებული პივოტია. მიმდინარე სეზონში მედეა კარგ ფორმაშია და როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში გოლი გოლზე გააქვს.

დღეისათვის, მაკედონიის ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” და ვერცხლის პრიზიორი, „კუმანოვო”. „მეტალურგს” შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, „კუმანოვოს” კი ექვსიდან ექვსი. ამ ექვს შეხვედრაში ჩოხელმა 25 გოლი გაიტანა.

ბალკანეთის ქალთა ლიგა კი რეგიონალური შეჯიბრებაა, სადაც ყოფილი იუგოსლავიის კლუბები თამაშობენ. A ჯგუფში არის ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე – სლოვენიის „კრიმ მერკატორი” და მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი”, ასევე – ბოსნიის „იაგოდინა”.

B ჯგუფში თამაშობენ „კუმანოვო”, სერბული „ზაეჩარი”, მონტენეგროს „რუდარი” და ბოსნიის  „გრუდე”.

„კუმანოვომ” უკვე მოიგო ორი თამაში. ჯერ დაამარცხა „რუდარი”, სადაც ჩოხელმა 6  გოლი გაიტანა, შემდეგ კი „ზაეჩარი” — მედეა 5 გოლით ამ შეხვედრაშიც საუკეთესოთაგანი იყო. ახლა „კუმანოვოს” დარჩა მატჩი „გრუდესთან” და ჯგუფში პირველობის შემთხვევაში ფინალში გავა, სადაც A ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება გერმანიის მესამე ლიგის კლუბ „ობერ ეშბახში” ახალგადასულ ქეთი კუნელაშვილს, მან მეექვსე ტურში, „ჰალე-ნოიშტადთან” 10 გოლი შეაგდო. თამაში დრამატული გამოდგა და დამთავრდა 29:29.

გერმანიაში ქალთა მესამე ლიგა ოთხადაა დაყოფილი. დაყოფა გეოგრაფილულ პრინციპს ემყარება. თითოეული რეგიონის ჩემპიონი გავა ფინალურ ეტაპზე, სადაც მეორე ბუნდესლიგის სამი საგზურისთვის იბრძოლებს.

მიმდინარე სეზონში ქეთიმ 23 გოლი გაიტანა. რომ არა მცირე ტრავმა. მისი მონაგარი უთუოდ მეტი იქნებოდა. 20 წლის ქართველი ხელბურთელი მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობს. წინა სეზონი მან თურქეთის სუპერლიგაში, „არდაშენის” კლუბში ჩაატარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქეთი კუნელაშვილი