ჰეი, თქვენ, ალბანელებო, გაუმაძღარნო ომითა, რამდენჯერაც შეგვხდით, იმდენჯერაც მოგიგეთ! ეს ამბავი მომხდარა სრულ სამჯერ, თქვენ კი, მაინც არ იშლით და კიდევ ჩვენსკენ მოიწევთ, გინდათ თუ არა, ერთად უნდა ვსწიოთ შესარჩევის ჭაპანიო.
ჰეი, კიდევ თქვენა, საქართველოს ნაკრებო, რომ ალბანელებს ყოველთვის ამარცხებდით და ახლაც გადაგიწყვეტიათ, ერთხელაც უნდა მოვახდინოთ ეს საქმეო. მაგრამ იმ განთქმული “ქვევრისა” არ იყოს, იმ ფეხებსა მერე მხრები არ მოჰყვება?
ვსმისლე, ზნაჩით, რო სათქმელი პირდაპირა ვთქოთ – ალბანეთს კიდევ სხვა მოყვება და მთავარიც ის სხვაა. საზოგადოდ კი, საქართველო არც ინგლისია და არც ბრაზილია, რომ მწვრთნელს, თუნდაც, პრემიერ მინისტრს, ან ჯარების სარდალს თავისი ფიქრის და მიზანდასახულობის უმტკივნეულოდ ხორცშესხმა შეეძლოს. ამიტომაც იტყვიან, ბიჭები იშტაზე არ იყვნენო, არც რუმინეთშიო და არც კიევშიო. იშტა არ ჰქონდათო.
სხვა ათას ჭირთაგან, ესეც ამ ბოლო დროს ერთ-ერთია: საქართველო თანდთან ხდება ინდოეთისნაირი კონსტრასტების ქვეყანა, სადაც უქონელნი და მილიონერნი მოიძებნებიან, ამათშუა მდგომნი კი ძნელად. ასევე ხდება ფეხურთსა და ფეხბურთელებშიაც. და ეს საკვირველი არ არის, რახან საქართველო ასეთი ქვეყანაა.
ყოველი ახალი სეზონის წინ აღვივსებით ხოლმე იმედებით და გავიხსენებთ შარშანდელ სახელოვან წუთებს, რომლებიც იმხანად კი იყო სასიხარულო, მაგრამ წინსვლის საკითხში დიდ არაფრად წაადგა ჩვენს ფეხბურთს. იმიტომ, რომ წინსვლის საკითხი არ არის მხოლოდ მოხდენილად კენწვლის საკითხი, არამედ, როგორც იტყვიან, კომპლექსურია.
მესამე ციკლში ვაბიჯებთ და ისევ არის ლაპარაკი იმის გამო, რომ მოვუგებთ ჩვენით გაუმაძღარ ალბანეთს, რაც დიახაც რომ სასიხარულოა. მაგრამ არ არის მთავარი. მთავარი კი არის აი რა – დაასახო ადგილი მსოფლიოს საფეხბურთო სივრცეში. თუ ეს ადგილი მაღლაა. იმუშაო იქამდე ასასვლელად, ხოლო თუ დაბლაა, იყო არხეინად და მაშინ სტადიონზე სკამების დადგმაც არ არის საჭირო, რადგან იმ სკამებზე დაჯდომ ხალხს აღარ უნდა ელოდო.
ახლა კი გამოდის, რომ ხალხს ელი და ადგილი არ დაგისახავს სივრცეში.
უნდა გავიხაროთ დღეს, უნდა გავიმარჯვოთ და ხვალის გაზეთებში ქება აღვავლინოთ. აბა, ვის არ გაეხარდება ეს ამბავი?
მაგრამ ეს თუ ძველებურადვე დარჩა დღევანდელ, მხოლოდ იმ საღამოს გამარჯვებად, მაშინ დიდი არაფერი იქნება. ეს იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი: საქართველო – ალბანეთი, ვთქვათ, 1:0 ან 2:0, ან თუნდაც 4:0.
სულ მახსენდება პირველი შესარჩევი მატჩი ჩვენს სტადიონზე: საქართველო – მოლდოვა 0:1, ეს სიმბოლური რამეა.იმ თამაშის დაღი დღემდე არ წაშლილა. ასე ჩანს და რა ვქნა? თუნდ მთელი ქართველობა ნიუ-იორკის “კოსმოსში” ჩაგვრიცხონ. ეს არ ნიშნავს, რომ ადგილი გვქონდეს მსოფლიოს საფეხბურთო სივრცეში. ჩვენნაირი ქვეყნის სახელის მომტანი ნაკრებია და არა სხვა რამ.
მოვუგოთ ალბანეთს, სადაც, რამდენჯერაც შეგვხვდება, მაგრამ ნუ გვეყოფა ორ წელიწადში ერთი, ერთი საღამოს გამარჯვება. არავის არ სჭირდება ეს გამარჯვება ათი წლის ბიჭების გარდა, რომლებიც დიდად ვერ ერკვევიან ცხრილებში.
მოვუგოთ ამ ჩვენზე ბედკრულ ალბანეთს, ოღონდ სხვა ყველაფერი ნუ იქნება ძველებურად მხოლოდ ის, რომ ალბანელებს ვჯობნით, იყოს ძველებური.
თორემ რა? ვიყვირებთ ამ საღამოს, თუ საფეხბურთო ღმერთმა ინება, ვიხალისებთ კიდეც, მაგრამ ხომ უნდა გასცდეს ეს ყველაფერი ერთ საღამოს.
იშტაზე ყოფნის გამო კი: რა თქმა უნდა ცუდია, როცა იშტა ხანდახან გეწვევა ხოლმე, თანაც პროფესიონალს.
ბილეთის მყიდველმა ხომ არ იცის, ვინ იშტაზეა და ვინ არა.
ლოზუნგი: დავამარცხოთ ალბანეთი და დავამარცხოთ ალბანეთი საკუთარ თავში!
05.09.1998