„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ ბიჭს და ჩემს თავს ვკითხე: „ეს არის ის, ვისზეც მეუბნებიან?”-ასე იხსენებს პეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას…
ვიდრე „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და „სიტისთან“ ერთად, ტიტულოვან ეპოქას შექმნიდა, ესპანელი სპეციალისტის პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები კატალონიური გრანდის აკადემიაში შედგა. სწორედ იქ შეხვდა პეპი კლუბის მომავალ სიმბოლოს და დარწმუნდა, რომ მასთან ერთად ყველაფრის მოგებას შეძლებდა.
„მისი ფიზიკური მონაცემები მაეჭვებდა, მაგრამ მერე სეზონი დავიწყეთ და ყველაფერს პასუხი გაეცა. დავიწყეთ მატჩების მოგება, 6:1, 5:0 და მესი ყველა შეხვედრაში ჰეთ თრიქს ასრულებდა. ვხვდებოდი, რომ მასთან ერთად ყველაფერს მოვიგებდით.”
ახალგაზრდული გუნდის შემდეგ დიდი სამწვრთნელო გამოწვევების დრო დადგა. ფრენკ რაიკარდს შემცვლელი სჭირდებოდა, „ბლაუგრანას“ ბოსებმა კი უცხოელი სპეციალისტის მოწვევას ახალგაზრდა, შინაური კაცი ამჯობინეს. შედეგმაც არ დააყოვნა. პეპმა იოჰან კრუიფის ფილოსოფიაზე დაყრდნობით არა მხოლოდ „ბარსელონას,“ მსოფლიო ფეხბურთის სათამაშო სტილი შეცვალა. მან მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გაამწესა, ხავისა და ინიესტასთან ერთად კი ლეგენდარული ტრიო შექმნა. პეპის „ბარსელონამ“ ყველაფერი მოიგო – 13 ტიტული 4 წელიწადში, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა…