ნამდვილად მოსაწყენი თამაში გამოუვიდათ სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებებს, არადა ეს იყო მსოფლიოს 2019 წლის თასის ნახევარფინალური მატჩი. რას იზამ, ყოველ მატჩში ხომ არ იქნება ისეთი ბურთაობა, როგორიც ინგლისელებმა ახალზელანდიელებთან იგივე იოკოჰამურ სტადიონზე ერთი დღით ადრე გააჩაღეს?!
ძალაუნებურად, იმ ფეერიულ სანახაობასთან გვიწევს პარალელების გავლება, მაგრამ არ გამოდის. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში მეტი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, აქ – ერთი გუნდის დომინაცია, მაგრამ პირიქით მოხდა. შაბათს ინგლისი დომინირებდა მოსალოდნელი ზელანდიური უპირატესობის ნაცვლად, კვირას კი უელსელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს თითქოსდა აშკარა ფავორიტ აფრიკელებს.
საბოლოოდ აქ მაინც „ქურციკებმა“ იმარჯვეს, მაგრამ მეორე თემაა, თუ როგორ მიაღწიეს ამ გამარჯვებას. „წითელმა ურჩხულებმა“ ერთობ უფერულად ჩატარებული ჯგუფური ტურნირისა და უფრო ფერმკრთალი მეოთხედფინალის შემდეგ მთელი რესურსი მოიკრიბეს მონსტრ აფრიკელებთან ტოლ-სწორად საპაექროდ და ამ მხრივ თავიანთი ფანების მოლოდინები კი გაამართლეს, რადგან უბრძოლველად არაფერი დათმეს, მაგრამ რა თამაშის ხარჯზე?..
რა იყო ეს? ბურთის განუწყვეტლივ დაკიდება საჰაერო ბრძოლების იმედად, თან ამას როგორც ერთი, ისე მეორე გუნდიც მიმართავდა. არადა როგორც კი სიტუაცია სტატიკურ შერკინებაში გადადიოდა, ბრიტანელების ძვლების ჭახუნი ალბათ ტრიბუნებზეც ისმოდა, მაგრამ უელსის ნაკრები მაინც როგორღაც ახერხებდა აქცენტის ფეხით თამაშზე გაკეთებას და ამაში მეტოქესაც ჩაითრევდა ხოლმე. მოკლედ, იყო პინგ-პონგი, რომელშიც მხარეთა შანსები თანაბრდებოდა.
უორენ გეტლანდის ამ ტაქტიკამ გარკვეული დროის განმავლობაში ნაყოფიერი იყო, მაგრამ უელსელები ფიზიკურად ვერ უძლებდნენ სამხრეთაფრიკელებს და ტრავმებსაც ერთი მეორეს მიყოლებით იღებდნენ. „ქურციკები“ მუდმივად იგებდნენ და „წითელი ურჩხულები“ ასევე მუდამ ათანაბრებდნენ, თანაც ეს ყველაფერი ორი კაცის ჩუბინობის წყალობით ხდებოდა.
აქედან ჰანდრე პოლარდი გაიტანდა ჯარიმას, იქიდან – დენ ბიგარი და ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე დამიან დე ალიენდე საუცხოო ლელოს არ დადებდა და აფრიკელებს 7 ქულით არ დააწინაურებდა – 16:9. ყველასდა გასაკვირად, უელსელებმა კვლავაც შეძლეს მობილიზება და საპასუხო და ძალიან ხანგრძლივი შეტევა გარემარბმა ჯოშ ადამსმა შედეგიანად დაასრულა 16:16.
ამ მომენტიდან მოყოლებული მთელი 10 წუთი ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ როცა დასრულებამდე 4 წუთიღა რჩებოდა, სამხრეთაფრიკელთა 25 წლის გეზავმა პოლარდმა თავისი მე-5 დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და დარჩენილ დროში მისმა გუნდმა უპირატესობა საბოლოოდ ქანცგაცლილ უელსელებთან იოლად შეინარჩუნა – 19:16.
რასიე ერასმუსის გაწვრთნილი რაზმი ფინალში გავიდა, მაგრამ „ქურციკების“ დამრიგებელს ბევრი ფიქრი მოუწევს, რათა ედი ჯოუნსს ინგლისელთათვის მეორე ტიტულის მოტანაში როგორმე შეეწინააღმდეგოს და თავის სამშობლოს ისტორიაში მესამედ მოუპოვოს უილიამ უებ ელისის სანუკვარი თასი.