„მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!“ – ასე აუწყებდნენ სამყაროს ძველ საფრანგეთში მონარქის გარდაცვალებისა და ტახტზე ახალი მეფის ასვლის ამბავს. ამ ცნობილი ფრაზის პირველი ნაწილი იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე უკვე ახდა… ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხა და სამყაროს აუწყა, რომ სარაგბო მსოფლიოს ახალი მეფე ეყოლება. თუ ვინ კონკრეტულად, ამას ერთ კვირაში შევიტყობთ.
იოკოჰამაში გამართული პირველი ნახევარფინალი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა, მაგრამ კი ვვარაუდობდით, რომ „ოლ ბლექსს“ უძლიერეს ინგლისის ნაკრებთან ჯახში შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაც შესაძლოა არ ეყოს გამარჯვებისთვისო და, ასეც მოხდა.
ზელანდიელებმა ვერც გამოავლინეს მაქსიმუმი და ამაში მათ რაგბის უბრწყინვალესმა სტრატეგმა და ტაქტიკოსმა ედი ჯოუნსმა შეუშალა ხელი. პირველივე ინგლისური შეტევა შედეგიანად დასრულდა, როცა მე-2 წუთზე მანუ ტუილაგიმ გუნდის ეფექტური კომბინაცია დაასრულა. ოუენ ფარელმა გარდასახა, მაგრამ ფეხი იტკინა და შემდგომში კარში უკვე მგეზავმა ჯორჯ ფორდმა ურტყა, რომელმაც ამ მისიას თავი დიდოსტატურად გაართვა. ინგლისელთა 12-ვე მომდევნო ქულა მის ანგარიშზეა, თუმცა ინგლისის ნაკრებში საუკეთესო მაინც სულ სხვა მორაგბე იყო – მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მეორეხაზელი მარო იტოჟე! ამ კაცმა დერეფნებში ზელანდიელებს შავი დღე აყარა, საკუთარ მოლებს დამაჯერებლად ლიდერობდა და მეტოქისას სოლივით ჭრიდა, რაქებშიც შეუდარებელი იყო და შეტევაშიც ეფექტურად მოქმედებდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ იტოჟე დასახელდა, თუმცა, ინგლისის ნაკრებში უკლებლივ ყველა მოთამაშემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და რაც მთავარია, ეს გაბრწყინება გუნდურ თამაშს დაეტყო, რამაც ასეთი საოცარი შედეგი გამოიღო.
ერთადერთი უხეში შეცდომა „ვარდებმა“ საკუთარ 5-მეტრიან წყვეტილთან მოწოდებული დერეფნისას დაუშვეს, როცა მათი უყურადღებობით არდი სავეამ ისარგებლა და ლელოში დაუბრკოლებლად შევიდა. მაგრამ ეს იყო და ეს, თავისით ზელანდიელებმა აბსოლუტურად ვერაფერი შექმნეს და მსოფლიო თასებზე ინგლისის ნაკრებთან პირველად დამარცხდნენ.
ამრიგად, მომავალ შაბათს ბრინჯაოს ფინალში ინგლისელების მიერ „მოკლული მეფე“ – ახალი ზელანდიის ნაკრები ითამაშებს, ხოლო თავად ინგლისი გვირგვინისთვის მომდევნო დღეს, მთავარ ფინალში იომებს. ვისთან? ამას ხვალ შევიტყობთ.