როგორც იქნა, ეღირსა… ახალი წელი ვის არ უყვარს, მაგრამ ის 2020 წლის დადგომას განსაკუთრებულად აღტკინებული დაელოდება.
ჯერ მისი მეტოქის ვინაობა საჯაროდ არ გაცხადებულა, UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი ინტრიგას ტოვებს, თუმცა ეს ამბავი მას დიდად არ ანაღვლებს, რადგან ამბობს რომ ვინც არ უნდა იყოს, მოწინააღმდეგეს ოქტაგონიდან გააქრობს.
სამაგიეროდ თარიღი უკვე ოფიციალურად გაცხადდა. კონორ მაკგრეგორი თავის მორიგ ბრძოლას 18 იანვარს ლას-ვეგასში გამართავს, მეტოქე კი გვეეჭვება ხაბიბ ნურმაგომედოვი იყოს, ვისთან რევანშის წყურვილიც ირლანდიელ მოჩხუბარს კლავს და აგერ, რა ხანია იმუქრება, გამოუშვით უნდა დავჟეჟოო.
დაუმარცხებელი დაღესტნელი სპორტსმენი კი კონორის მუქარას არაფრად აგდებს და არც მის გამოწვევას იღებს. ერთხელ უკვე ჭკუა გასწავლე და ბაქი-ბუქს მორჩიო.
„ჩემი დაბრუნება ნაახალწლევს ლას-ვეგასში შედგება და ვიცი, ვინც უნდა გავლახო, მაგრამ ჯერ არ გავამხელ, რადგან შესაძლოა შემდეგ UFC-მ მოწინააღმდეგე შემიცვალოს. გპირდებით, მას კარგი დღე არ დაადგება. შემდეგ კი ტონის ან ხაბიბს შევებრძოლები და მინდა ოქტაგონი მოსკოვში მოაწყონ. ამ ჩხუბზე მეტად, ფოკუსირებას შემდეგზე ვაკეთებ, რადგან ის გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის“ – ამბობს კონორ მაკგრგორი.
ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ, ალბათ, შეხსენება არ სჭირდებათ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლოს 2018 წელს იჩხუბა და ჰაბიბ ნურმაგომედოვთან უშანსოდ წააგო.