იქნებ მართლა ჯობდა მისი თავიდან მოშორება? ამის შანსი პარიზულ გრანდს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ელევიან. ბოლოსდაბოლოს ის ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე სპექტაკლის დადგმა ხელეწიფება და მარტოს შეუძლია გუნდს მოაგებინოს, თუმც რაღაც მაინც აკლია. ქრონიკულ ტრავმიანობას რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ ლიდერის თვისებაც არ აქვს, როგორც მის ასაკში და უფრო ახალგაზრდულ წლებშიც სხვა გამოჩენილ ვარსკვლავებს.
ნეიმარზე მოგახსენებთ, რომელიც ოდესმე ავტობიოგრაფიულ წიგნს თუ დაწერს, ალბათ, უსათუოდ მიუთითებს, რომ კარიერის პიკზე მყოფმა ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადავიდა. რა თქმა უნდა, ფრანგულ კლუბს ჩვენი დასაწუნი არაფერი აქვს, ფულში მოცურავე შეიხებმა პსჟ-ს სახით მშვენიერი პროექტი შექმნეს და ფეხბურთის გულშემატკივრებს, განსაკუთრებით პარიზელებს, ევროპაში ყველასათვის ანგარიშგასაწევი გუნდი აჩუქეს, რომლის ღერძიც სწორედ ნეიმერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა.
რატომ? ინებეთ. 27 წლის ფორვარდმა, პარიზში გადაბარგების შემდეგ პსჟ-ს მატჩების ზუსტად ნახევარი გამოტოვა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ და გასაგებათ ვთქვათ, ნეიმარი არასრულ 3 წელიწადში მოედანზე ოდენ 63 მატჩში გამოჩნდა, ზუსტად ამდენივეში კი ტრავმის, დისკვალიფიკაციის თუ სხვა მიზეზთა გამო არ უთამაშია.
წინა სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „მანჩესტერთან“ მარცხის შემდეგ, არბიტრის მწარე კრიტიკის გამო უეფამ ნეიმარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პსჟ-ს მწვრთნელს ტომას ტუხელს მისი იმედი ბრიუგესთან გასვლით დაპირისპირებაში ჰქონდა, მაგრამ ნეიმარმა სანაკრებო მატჩების დროს კვლავ დაშავდა და ექიმებმაც მინიმუმ ერთთვიანი უქმობა გამოუწერეს. პსჟ-მ კი უნეიმაროდაც „ბრიუგეს“ თავ-ბედი აწყევლინა და 5:0 გაანადგურა.
ამ ზაფხულს, მთავარი სატრანსფერო საგა ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებას უკავშირდებოდა. აშკარაა, რომ თავად ფეხბურთელს პარიზში ყოფნა აღარ ხიბლავს და კვლავ კატალონიური სამსახურისკენ მიუწევს გული.საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნეიმარმა პსჟ-ს სეზონისწინა ვარჯიშებიც გააცდინა და ბაზაზეც იშვიათად ჩნდებოდა. ამით კლუბის ხელმძღვანელობას აგრძნობინებდა გამიშვით, ნუღარ მაკავებთო, მაგრამ სულ ტყუილად. ტრანსფერი არ შედგა და ნეიმარიც ურჩობისთვის ცოტა ხნით მთავარი გუნდიდან მოკვეთეს.
2017 წელს, ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში ტრანსფერი თანხის მხრივ, შეგახსენებთ, სარეკორდოა. ფრანგულმა კლუბმა ესპანურ გრანდს 222 მილიონი ევრო ჩაუთვალა. გაამართლა თუ არა ნეიმარმა გუნდის ქომაგთა იმედები ძნელი სათქმელია. 126 მატჩიდან, ზუსტად ნახევრის ტრიბუნებზე გატარებაც ამის დასტურია.