ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ამოიცნო და მოკვეთა ფანი, რომელმაც „ლივერპულის” მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

„სანმა” შეიტყო, რომ „ოლდ ტრეფორდის” უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კაცი, რომელმაც არნოლდს დაუძახა: „შე f***ing შავო ….”-ო. ბოლო სიტყვას ვერ ჩავწერთ, რადგან ქალის გენიტალიას ნიშნავს, ყველაზე ვულგარული ფორმით.

ეს ინციდენტი კვირას, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” (0:0) შეხვედრაში მოხდა. ჯერ კიდევ პირველი ტაიმი მიმდინარეობდა, როდესაც მანჩესტერელთა ცნობილი სტადიონის იმ ტრიბუნასთან, რომელსაც „სტრეტფორდ ენდი” ჰქვია, მავანმა ასეთი შეძახილით თვით ადგილობრივი გულშემატკივარიც კი აღაშფოთა.

აღსანიშნავია, რომ ხალხმა თავად უხმო უსაფრთხოების თანამშრომლებს. „მანჩესტერ იუნაიტედის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კლუბმა შესაშური სიჩქარით მოახდინა რეაგირება და საქმეს ოფიციალური მსვლელობა მისცა. ცნობილი გახდა, რომ გამოძიების პროცესში ჩარიეს პოლიცია და აამოქმედეს პიროვნების სტადიონებზე ამოცნობისა და აღარ შეშვების სისტემა — ეგრეთ წოდებული ფეის კონტროლი.

იმავე შეხვედრაში მოხდა ასეთი რამ: ლივერპულის კიდევ ერთ ორგვარგადაბმულ ფეხბურთელს, ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენს „ოლდ ტრეფორდის” ქვედა რიგებიდან ჯერ კიდევ მოთელვის დროს ორმა მანჩესტერელმა მოხულიგნო გულშემატკივარმა ლანძღვა დაუწყო. შემდეგ, როგორც ჩანს, ეს ლანძღვა მთელი შეხვედრის განმავლობაში არ შეწყვეტილა. თამაში რომ დამთავრდა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი მაგინებლებთან ფართე ღიმილით მივიდა და შესარიგებლად ხელი გაუშვირა, მაგრამ მათ შორს დაიჭირეს და F*** off ანუ აქედან გაეთრიეო უთხრეს. ალექსს კვლავ გაუღიმია, მოტრიალებულა და მხრებიც აუჩეჩავს.