დავიდ ლუისმა მოყვა, რომ „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლის წინ ფრენკ ლემპარდთან გულწრფელად ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ზაფხულში ბრაზილიელმა „სტემფორდ ბრიჯი” დატოვა და „ემირეით სთედიუმზე” გადაბარგდა, რასაც ბევრი არ ელოდა. ლუისმა თქვა, რომ მას დასავლეთ ლონდონელების დატოვება მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ჩრდილო ლონდონელები ინტერესს გამოხატავდნენ.

ამ ისტორიაში გასაკვირი ის იყო, რომ ლუისმა „ჩელსიდან” წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გუნდის მწვრთნელად მისი ყოფილი თანაგუნდელი დანიშნეს. ერთი შეხედვით, ლემპარდის გამწვრთნელებით „სტემფორდ ბრიჯზე” მას პირიქით, ახალი ცხოვრება უნდა დაწყებოდა.

და მეორე, რამაც გულშემატკივარი გააოცა ის იყო, რომ ლუისი შეელია კლუბს, სადაც ჯამში ექვსი დიდებული წელიწადი გაატარა — ორ ლონდონურ პერიოდს შორის, 2014-16 წლებში, ის „პარი სენ ჟერმენში” გამოდიოდა.

„ტელეგრაფისთვის” მიცემულ ინტერვიუში 32 წლის მცველმა თქვა:

„ჩელსიდან” წასვლა მანამდე გადავწყვიტე, ვიდრე „არსენალი” გამოჩნდებოდა. ხალხმა ამის შესახებ არაფერი იცის, არადა სინამდვილეში ასე მოხდა. „სტემფორდ ბრიჯის” დატოვება უკვე გადაწყვეტილი მქონდა. „არსენალთან” მხოლოდ ამის შემდეგ გადავიკვეთე და მივიღე გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ჩემთვის ძნელი გახლდათ.

ჩემსა და ლემპარდს შორის გულწრფელი საუბარი შედგა. პირისპირ ვიყავით, მე და ის. ფეხბურთის შესახებ მისი შეხედულებები ჩემი შეხედულებებისგან ძალიან განსხვავდებოდა. და მაშინ შევთანხმდით: ok, ჩვენ ჩვენს გზას ვეწევით. ეს იყო პატიოსანი გარიგება. გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ.

ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით. რა არ მოგვიგია ერთად: ჩემპიონთა ლიგა, ევროლიგა, ყველაფერი…”

დავიდ ლუისს „ჩელსის” მაისურით 248 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი. „ლურჯების” შემადგენლობაში ის იყო პრემიერლიგის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი, მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა და ევროლიგა.