საპრიზო ფონდი 2,433,810 დოლარი, მოქმედი ჩემპიონი კევინ ანდერსონი, ლამაზი ქალაქი და არაჩვეულებრივი საჩოგბურთო კომპლექსი. ტურნირი, რომელსაც ATP ტურში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და იქ მონაწილეობას მაღალი დონის მოთამაშეები არასოდეს თაკილობენ. თავის დროზე ვენაში უჩემპიონიათ როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარის, ხუან მარტინ დელ-პოტროს და სხვებს.

2019 წლის საჩოგბურთო სეზონი ფინიშის სწორზეა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე პრესტიჟულია ტურნირია, რომელთაგან ერთ-ერთი უდავოდ ვენის შეჯიბრია. ორშაბათიდან კი ჩვენი ყურადღება ნიკოლოზ ბასილაშვილისკენ იქნება მიპყრობილი, რომელიც ვენის ტურნირზე განთესვის გარეშეა, ხოლო წილისყრამ პირველ მეტოქედ ფერნანდო ვერდასკო არგუნა.

35 წლის ვეტერან მეჩოგნესთან, რომლის საუკეთესო ხანაც უკვე ჩავლილია ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს, თუმცა კორტზე ერთმანეთს ხშირადაც არ გადაყრიან. ქართველი და ესპანელი მოთამაშეები პირისპირ შარშან პეკინის ტურნირზე დადგნენ და ვისი ტრიუმფითაც დამთავრდა ის შეჯიბრი ქომაგს კარგად ემახსოვრება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს საკმაოდ კარგი შანსი აქვს ქულათა სოლიდური რაოდენობა მიიღოს და რეიტინგშიც წინ წაიწიოს. წლეულს ნიკამ პეკინის ჰამბურგის მსგავსად შარშანდელი შედეგი ვეღარ გაიმეორა და კლასიფიკაციაშიც დაქვეითდა. ბასილაშვილს,  წელიწადზე მეტხანს საუკეთესო ოცეულში ადგილი მყარად ეჭირა, ჩინეთის დედაქალაქში წარუმატებლობლით კი თითქმის 10 საფეხურით დაიწია უკან, ამჟამად კი მსოფლიოს 24-ე ჩოგანია. ბასილაშვილი, შარშან ვენაში სასტარტო მატჩშივე კევინ ანდერსონთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგ თასი აღმართა. ამიტომაც, ნიკას ახლა დასაცავ-დასაკარგი არაფერი აქვს და ყოველი ეტაპის გადალახვა მხოლოდ აქტივში ჩაეწერება.

ვენის ტურნირის უმთავრეს ფავორიტად კი დომინიკ ტიმია მიჩნეული, რომელიც შესაბამისად პირველ ნომრად არის განთესილი. მეორე რუსი კარენ ხაჩანნოვია, ხოლო ორგანიზატორებმა მესამე განთესვა იტალიელ მატეო ბერეტინის მიანიჭეს. ავსტრიის დედაქალაქში ითამაშებს ფრანგები გაელ მონფისი და ჟო-ვილფრიდ ცონგა, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი და ხორვატი მარინ ჩილიჩი.