ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6!
ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა.
სტერლინგმა ორჯერ შეაგდო.
დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა.
როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში 6:0-ს უგებს, ძნელია თამაშის შესახებ რაიმე ისეთი დაწერო მკითხველისთვის საინტერესო რომ გახდეს, მაგრამ ბულგარელი ფანების ნაწილმა თავისი ქცევით მაინც მიაპყრო სოფიისაკენ მსოფლიო პრესის ყურადღება. კერძოდ, 30-ე წუთზე ხორვატმა მსაჯმა ივან ბებეკმა პირველად შეაჩერა თამაში, რადგან სიფიელი ხულიგნების (დააკვირდით წარწერებს მათ სამოსზე) ქცევამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ისინი განსაკუთრებით მინგსს ერჩოდნენ.
ამ შემთხვევაში არბიტრმა გამოიყენა უეფა-ს სამსაფეხურიანი პროტოკოლის პირველი ეტაპი, როდესაც მსაჯი შეხვედრას აჩერებს და გულშემატკივარს სთხოვს ესა თუ ის ქმედებები შეწყვიტონ.
თხოვნა სტადიონის გამომცხადებელმა გაახმოვანა.
მოგვიანებით, პირველი ტაიმის მიწურულს ბებეკმა მეორე საფეხურსაც მიმართა, მაგრამ მეტად აღარ გაუმწვავებია და მთელი დარჩენილი თამაში ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა.
სხვათა შორის, შესვენებისას უეფას წარმომადგენელი ელაპარაკა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს და თითქოს გადაწყდა, რომ თუ მათი შეურაცხყოფა არ შეწყდებოდა, სტუმარი გუნდი მოედანს დატოვებდა.
და როგორც გითხარით, შეძახილები და მაიმუნისებრი ხტომა-ყივილი ტრიბუნიდან არ შეწყვეტილა, მაგრამ ინგლისელებმა მაინც არ შეწყვეტეს თამაში.
მატჩის შემდეგ სტუმართა ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა: „ჩვენ მოვახერხეთ ორნაირი პასუხი გაგვეცა: თამაში მოვიგეთ და იმას, რაც სოფიაში მოხდა, ყველას შევატყობინებთ. ჩემი ამოცანა გუნდისა და დელეგაციის წევრების დაცვა იყო. ვფიქრობ ეს შევძელით, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ”.
ბულგარელ გულშემატკივრებს არც სოფიაში ჩასული 3400 ინგლისელი ფანი ჩამორჩა. ისინი ხმაშეწყობილად ყვიროდნენ თავადაც კარგად იცით, რომ რასისტი ნაბიჭვრები ხართო. როგორც ჩანს მასპინძლებმა მათი ენა კარგად არ იცოდნენ და ვერაფერს მიხვდნენ, თორემ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავებულიყო.