ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ. როგორც იტყვიან, ნავსი ვერ გავტეხეთ. მაგრამ არც დავმარცხდით. ეს ირლადიის ნაკრებთან „ჯვაროსნების“ მე-11 შეხვედრა გახლდათ, აქედან 9 წავაგეთ, ეს კი მეორე ფრე იყო.

პრესტიჟის მატჩი გახლდათ. ჩვენებს ცუდად არ უთამაშიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს. მოინდომეს, იბრძოლეს, ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ. ქართველებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ ჩარჩოში ვერც ერთხელ… მომენტების რეალიზება, ზოგადად, ჩვენებისთვის დიდი პრობლემაა და ამაზე აღარ შევჩერდებით. მით უმეტეს, რომ მატჩის შემდეგ ჩვენებურთა მწვთნელმა, ვლადიმირ ვისმა ამ პრობლემას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

არც სტუმრებს უჩვენებიათ რაიმე განსაკუთრებული. მაგრამ ორი რეალური მომენტი მაინც შექმნეს. დასაწყისშივე შეინ დაფმა თავურით ძელს გაარტყა ბურთი. ბოლო წუთებზე კი ჩვენს მცველებს აარონ კონოლი გაეპარათ ლორიასთან პირისპირ. ჭაბუკმა ბრაიტონელმა ვერ ივარგა.

სიმართლე გითხრათ, ვუცქერდი თამაშს და მეგონა, რომ უკვე ნანახი მქონდა. გნებავთ, დეჟავიუ დავარქვათ. მერამდენედ გამეორდებოდა სიუჟეტი კონოლის ბოლო წუტთზე რომ გაეტანა?!

სხვათა შორის, ეს კონოლის დებიუტი გახლდათ ირლანდიის ნაკრებში, თანაც ის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი აღმოჩნდა ირლანდიელთა ეროვნული გუნდის ისტორიაში, მაიკლ ობაფემის შემდეგ. დღეის მონაცემით ის 19 წლის და 258 დღის გახლავთ.

დებიუტანტი გვყვადა ჩვენც. ექს-დინამოელმა ლევან შენგელიამ პირველად მოირგო  ეროვნული გუნდის მასურა.

მატჩამდე სტუმართა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ თქვა, ბოდიში, მაგრამ თბილისში მოსაგებად ჩამოვედითო. მეორე ტაიმში კი თამაშიდან გამომდინარე, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ირლანდიელები ფრეზეც ყაბულს იყვნენ. დროის გაწელვას ცდილობდნენ.

ჩვენთვის გამოსარჩევი შეიძლება ისიც იყო, რომ ზედიზედ მესამე საშინაო შესარჩევი მატჩი ჩავატარეთ გოლგაუშვებლად. ბოლოს ასეთი რამ 2011 წელს მოხდა…