3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ.
…შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში გაატარეს და მწვანე კონტინენტის გუნდის ხანგრძლივ შტურმს გმირულად გაუძლეს. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, როცა ავსტრალიელთა ამ ტოტალურმა შეტევამ, როგორც იქნა, შედეგი მოიტანა. სამხრეთელები ძალიან სწორხაზოვნად უტევდნენ, ე.წ. „აიღე და მიეძალე“ -ს მიმართავდნენ ძირითადად და ერთ-ერთი ასეთი მიძალებისას ფრანგმა რეფერიმ პასკალ გოზერმა ბურთის დამიწება დააფიქსირა.
მართალია, ამ გარდასახულ ლელოს ხუთიოდე წუთში სოსო მათიაშვილმა ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით უპასუხა, მაგრამ უაითის ლელოს ეპიზოდს უნდა დავუბრუნდეთ. ფრიად საკამათო მომენტი იყო რადგან ვიდეო გამეორებებისას მართლაც საიდუმლოდ დარჩა თუ სად და როგორ შეამჩნია გოზერმა ლელოს დადების მომენტი. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში, როცა ავსტრალიელებმა მესამე ლელო დაგვიდეს, გოზერს ასევე არ ჰქონდა ბურთის დამიწების დაფიქსირების არანაირი საბაბი, მაგრამ კი ჩათვალა…
აქამდე მსაჯობის გაკრიტიკებისგან თავს ვიკავებდით. ჯერ ერთი, რაგბის არ უხდება, მეორე კი ისაა, რომ გასულ წლებთან შედარებით სარაგბო არბიტრები საქართველოს ნაკრებს ისე აშკარად აღარ „ძირავენ“. თუმცა ასე იყო უელსთან და ურუგვაისთან მატჩებში, აი ფიჯელებთან და ავსტრალიელებთან დაპირისპირებების შესაბამისად ახალზელანდიელმა და ფრანგმა მსაჯებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს. ფიჯელები ძალზე ხისტად გვეთამაშებოდნენ და პოლ უილიამსი უფრო თანმიმდევრული რომ ყოფილიყო, კუნძულელები 2-3 სინბინს ხელს აუცილებლად გამოკრავდნენ, ხოლო პასკალ გოზერმა ავსტრალიელი 8 ნომერი მამუკა გორგოძის მაღალ ბოჭვაზე კი გააძევა, მაგრამ ეს ფოლი იმდენად უხეში და აშკარა იყო, რომ ნაისარანი წითელ ბარათს იმსახურებდა და არა 10-წუთიან სინბინს. ფაქტია, რომ მსგავსი ჯარიმებისთვის სხვა მატჩებში მორაგბეებს მინდვრიდან უსიტყვოდ მიაბრძანებდნენ ხოლმე, მაგრამ ბობოლა სარაგბო ქვეყნის ავტორიტეტი თავისას ყოველთვის შვრება და ავსტრალიელი მხოლოდ გაასინბინეს. გოზერმა შემდგომშიც რამდენიმე აშკარა შეცდომა დაუშვა, მაგრამ რა გაეწყობა, სანამ ქართველებიც არ გაერევიან დიდი ათეულის მარაქაში, მსაჯობა ყოველთვის ოდნავ მიკერძოებული იქნება.
ავსტრალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნაისარანის მოსაკლისებამ მათ არანაირი კვალი არ დაატყო. ქართველები ისევ გმირულად ომობდნენ, უბრძოლველად სათამაშო მოედნის არც ერთ გოჯს არ ტოვებდნენ, მაგრამ ნაისარანის გაძევებიდან ორ წუთში საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ და ტოომუამ თავისი გუნდი ქართველებს კვლავ დააშორა ერთი გარდასახული ლელოს დისტანციამდე – 10:3.
ჩვენებმა ტაიმის ბოლომდე ხეირიანი შეტევის აწყობა ვერა და ვერ მოახერხეს და პირველი ნახევარიც ასე დასრულდა. მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი კი უფრო თანაბარ ბრძოლაში გავიდა. ჩვენები უფრო გაუშინაურდნენ მეტოქის ნახევარს, მაგრამ ცენტრში მორკინალების დაშვებულ შეცდომას 60-ე წუთზე კოროიბეტეს გარღვევა მოყვა – 17:3.
მანამდე იყო მეტად არასასიამოვნო მომენტი, როცა რაქში შესვლისას სანდრო თოდუა და გელა აფრასიძე ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქართველ 9 ნომერს მოედნის დატოვება მედიკოსთა და საკაცის დახმარებით მოუხდა.
სანდრომ გონს მოსვლა მალევე შეძლო და 70-ე წუთზე ბრწყინვალე ლელოც გაიტანა! დერეფანში მოგებული ბურთი ლაშა ხმალაძეს გადაეცა რომელმაც „ვოლაბების“ დაცვა გაჭრა და ფლანგზე აყოლილ თოდუას გადააწოდა, სანდრომ კი, ტყვიასავით ირბნა, კუთხე მოჭრა და ბურთი ლელოში დაამიწა. 17:8 და სოსომ გარდასახვა მახვილი კუთხიდან ააცილა, მაგრამ ქართველებს თითქოს ძალები მოემატათ, შეტევაში წავიდნენ, მაგრამ კვლავ შეცდნენ და პასკალ გოზერმა ის ხსენებული ვერ დანახული ლელო დააფიქსირა – 22:8. აქ ფრთები ავსტრალიელებს შეესხათ, რადგან ბონუს ქულამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ და ერთ-ერთი ბოლო შეტევისას, შეცვლაზე შესულმა უილ გენიამ ქართველთა ხაზი გაჭრა და ლელომდე 20 მეტრი მარტომ ირბინა. საინტერესოა რომ ტოომუამ ბოლო ორი გარდასახვა ჩააფლავა და საბოლოო შედეგად 27:8 დაფიქსირდა. ავსტრალიის ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა, საქართველო ხელმოცარული დარცა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბორჯღალოსნებმა „ვოლაბების“ თავკაცი მაიკლ ჩეკა გაცილებით მეტად ანერვიულეს ვიდრე ამას მატჩამდე ვინმე წარმოიდგენდა.
აქვე მადლობა ვეტერანებს! გიორგი ნემსაძემ და მამუკა გორგოძემ ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარეს – შესაბამისად 95-ე და 75-ე, 35 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაში უკვე თავისთავად საარაკო გმირობაა. ნემსაძე სულაც აქტიურ კარიერას ასრულებს, ხოლო მამუკა თავის „ტულონს“ დაუბრუნდება და იქ გააგრძელებს თამაშს.
მოკლედ, ქართველებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს და 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის საგზურისთვის შესარჩევ ციკლში იბძოლებენ. მწვრთნელიც ახალი ეყოლებათ და შემადგენლობაც, როგორც ჩანს, გადახალისდება…